Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი ლაპარაკობს 3+3 ფორმატში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის შესახებ. ის გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

იმის გამო, რომ 3+3 ფორმატი რუსეთის მონაწილეობას ითვალისწინებს დავით ზალკალიანი საზოგადოებას ჯერჯერობით ფიქრისთვის აწვდის მთავრობის პოზიციას.

„ჩვენი პოზიცია ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია და იციან ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ამ ფორმატში, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პროცესს დეოკუპაციის მიმართულებით. ძალიან ძნელია დაჯდე ამ ფორმატში და ისაუბრო რაღაცა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“, - თქვა ზალკალიანმა და განაგრძო, - „თუმცა, მე მინდა ასევე საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ რაღაცა ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში [მივიღოთ მონაწილეობა], რაღაც ფორმით, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე. წითელი ხაზი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, აუცილებელია, საქართველო არ ჩამორჩეთ იმ პროცესებს, რომლებიც რეგიონში ვითარდება. „აუცილებლად ვიყოთ ყველა იმ ახალ თუნდაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, ასცდეს საქართველოს და ამით, საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს. ამისთვის აუცილებელია, რომ ზუსტი პოზიცია გვქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს“.

დღესვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეარხ „როსია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა თანამშრომლობას ფორმატით 3+3, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ახსენა მათი ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, მაგრამ რომელიც მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, როგორც ფორმატის იდეა, 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

ის გულისხმობს ფორმატს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით. მალევე, 25 იანვარს, აზერბაიჯანს ესტუმრა ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს, სწორედ „3+3“-ის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ამ იდეის განხორციელების მნიშვნელობა, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“.

ზარიფის მემკვიდრის თანახმად, არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი და არის ასევე პლატფორმა - "ირანი-რუსეთი აზერბაიჯანი". ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თვლის, რომ „ახალი გადაჭარბებული მოთხოვნები მხოლოდ გაართულებს სამხრეთ კავკასიაში ვითარებას“.

XS
SM
MD
LG