დათუნაშვილი სამშობლოდან ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო წავიდა. გეგეშიძემ 2019 წლის იანვარში სპორტის სასახლეში, არაერთი ადამიანის და კამერების წინ ფიზიკურად გაუსწორდა დათუნაშვილს. ძალადობის ბრალდებით დაკავებული გეგეშიძე სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი ამ დრომდე ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელია.
რადიო თავისუფლებას ზურა დათუნაშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან ესაუბრა. ის დღეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია.
ზურა, ორი დღის წინ გახდი მსოფლიო ჩემპიონი. სპორტის კომენტატორები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო ფორმაში ხარ, შენ კი ხაზს უსვამ ხოლმე იმას, რომ შენი მედლები სხვა ქვეყანას ეკუთვნის და სხვა ქვეყნის დროშით ასპარეზობ.
კაი წელი გამომივიდა. ძალიან გახარებული ვარ. მართლა გულდასაწყვეტია, რომ ეს ჩემს ქვეყანაში ვერ გავაკეთე, არ მომეცა ამის საშუალება.
პრობლემა, რაც მე საქართველოში მქონდა, მოტივაციად ვაქციე და უფრო ბევრს ვაკეთებ, რომ მიღწევები მქონდეს. საქართველოში ამბობდნენ, რომ ზურაბ დათუნაშვილი კონკურენციას გაურბის და მაგიტომ ითხოვს სხვა ქვეყანაში წასვლას და ა.შ. მგონი ამ ჩემპიონობით ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მე არაფერს არ ვამტკიცებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, მაგრამ მინდა დაინახოს ხალხმა, რომ არ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს, რომელიც მხოლოდ სამართალს და ჯანსაღ კონკურენციას ითხოვს.
გამოდის, რომ შენი გამარჯვებებით იმასაც ამტკიცებ, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან სპორტსმენზე თქვა უარი.
მე რაღაცნაირად გამოვიმუშავე, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი და გავჩუმებულიყავი, მაგრამ ყველამ შეიძლება ეს ვერ შეძლოს.
ასე შეიძლება სხვებსაც მოექცნენ. ჩემ შემთხვევაში მთელი სისტემა იყო ჩართულიყო ჩემს წინააღმდეგ: ხან პოლიცია, ხან ძველი ბიჭები, ხან საპატრიარქო, ყველა ჩაერთო და დამიპირისპირდა. მე ვითხოვდი სამართალს. ვითხოვდი, რომ ადამიანი, რომელიც საჯაროდ, კამერების წინ დამიპირისპირდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, არ ყოფილიყო ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელი. გეგა გეგეშიძე ამ დრომდე ხელმძღვანელია და მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სერბეთში ვარ.
ალბათ იცი, რომ როდესაც შენი ბოლო გამარჯვების შემდეგ, მას შემდეგ რაც გამოაქვეყნე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოსტი ინსტაგრამზე, ტელეკომპანია “იმედმა” წაშალა პოსტი შენი ჩემპიონობის შესახებ. რას ფიქრობ ან რას იტყვი ამაზე? შეგიძლია ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება?
სამარცხვინოა. ეს ხომ ყველაფერზე მეტყველებს. მე არც მინახავს, მერე გავიგე, როცა უკვე აღებული ქონდათ. ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში და საზოგადოებამ როდის უნდა გაიღვიძოს, არ ვიცი.
საკმაოდ ხშირად აფიქსირებ ხოლმე შენს პოლიტიკურ პოზიციას, ასევე საზოგადოებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გამოთქვამ შენს მოსაზრებებს იქნება ეს ნინოწმინდის პანსიონი თუ ლგბტ პირთა უფლებები. გვახსოვს შენი განცხადება, რომ კაშიას მსგავსად შენც გაიკეთებდი სამკლაურს ცისარტყელის ფერებში.
მე მოქალაქე ვარ, ჩემი აზრი გამაჩნია და გამოვხატავ, ეს ნორმალური მგონია. რა მნიშვნელობა აქვს, სპორტსმენი ვარ თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, თავისუფალი ადამიანი ვარ.
მე მოქალაქე ვარ, ჩემი აზრი გამაჩნია და გამოვხატავ, ეს ნორმალური მგონია. მინდა, რომ საქართველოში ცნობიერება შეიცვალოს და ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომ ქვეყანა განვითარების გზას დაადგეს და არა ისე, ახლა რომ უკან გვაბრუნებენ.
2019 წელს, როცა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტე, ფედერაცია გარკვეულ ხანს ისევ გიქმნიდა პრობლემებს, რომ სხვა ქვეყნის სახელით გეასპარეზა.
ძალიან ხელს მიშლიდნენ. სერბები სამჯერ ჩამოვიდნენ, რომ შეთანხმებისთვის მიეღწიათ და წასვლის უფლება მოეცათ. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩემთვის კარიერა დაენგრიათ და მე თავი დამენებებინა [სპორტისთვის]. ბევრი დაანებებდა კიდეც ასეთი ზეწოლის გამო. მე რაღაცნაირად შევძელი ჩემი მეგობრების, ჩემი ოჯახის წევრების დახმარებით, რომ გამეგრძელებინა ეს საქმე და მიმიღწია დასახული მიზნებისთვის.
შემეძლო რომ სხვანაირად მემოქმედა, მეც პრიმიტიულად, ფიზიკურად გავსწორებოდი მაგრამ არ მინდოდა, მინდოდა, რომ ჩემი საქმით დამემტკიცებინა როგორ ცდებოდნენ და დღეს მაგას ვაკეთებ.
რა იყო ბოლო წვეთი საქართველოში, როცა მიხვდი, რომ აქ სპორტული კარიერა ვეღარ გექნებოდა?
ბევრი რამე იყო, რაც ხალხმა არ იცის. [გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების] შემდეგ “ოცნების” წარმომადგენლებს შევხვდი, დამიბარეს და ასე პირდაპირ მითხრეს, ნუ გგონია რომ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრობო.
“ოცნების” გარდა მღვდლებთანაც მქონდა შეხვედრები, მეუბნებოდნენ “გაჩერდი, პრივილეგია გექნება”, “ჩემპიონატებზე შენ წახვალ.”
ვინ იყო ამ შეხვედრაზე?
დღეს ვინც არიან ბევრი სათავეში, ისინი იყვნენ. კონკრეტული პირების თქმა არ მინდა. “ოცნების” გარდა მღვდლებთანაც მქონდა შეხვედრები, მეუბნებოდნენ “გაჩერდი, პრივილეგია გექნება”, “ჩემპიონატებზე შენ წახვალ.” ზუსტად მაგას ვითხოვდი, რომ პრივილეგირებული ხალხი არ ყოფილიყვნენ სპორტში და ჯანსაღი კონკურენცია ყოფილიყო.
ფიქრობ რომ ერთ დღეს საქართველოში დაბრუნდები?
სპორტულ კარიერას მე საქართველოში ვეღარ გავაგრძელებ. ისე, ვფიქრობ, როგორ არ ვფიქრობ, მაგრამ თან ჩემს სპორტულ კარიერაზე ვარ კონცენტრირებული.