ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა 11 იანვარს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენება მისცა. დაკითხვის შემდეგ, ევროპის ორგზის ჩემპიონმა თქვა, რომ გამოძიებას ენდობა.
„ვიცი რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს გადააყენებენ, რადგან არავის არ სჭირდება ასეთი პრეზიდენტი. მე მისი დაკავება არ მინდა. ის უნდა გადადგეს. უკვე ვნახეთ, რომ გეგა გეგეშიძე ყველაფერს უარყოფს. იმდენი ვაჟკაცობაც კი არ ეყო, რომ სიმართლე ელაპარაკა. მე კი ვამბობ სიმართლეს, რაც ყველამ კარგად დაინახა. ის ხელკეტით აგრესიულად მისწორდებოდა. მაქვს განცდა, რომ სიმართლე იზეიმებს“, - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.
სპორტსმენმა შარშან ზაფხულში მომხდარი კონფლიქტიც გაიხსენა, რომელზეც თავის დროზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებდა. ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, მაშინ ნაკრების შეკრება სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ინციდენტის მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთი მოჭიდავის დაჩაგვრა სურდათ და მე, როგორც ნაკრების კაპიტანმა, სამართლიანი პოზიცია დავაფიქსირე. ოღნდ მაშინ საქმე ჩხუბამდე არ მისულა“, - თქვა ზურაბ დათუნაშვილმა.
თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და უახლოეს დღეებში დაკითხვაზე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც დაიბარებენ.