რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. როგორც ის ამბობს, ყოფილი პრეზიდენტი განაგრძობს შიმშილობას. „საკვები არ მიუღია, გეფიცებით ყველაფერს“, - აღნიშნა მან ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.
ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ მას არ უკითხავს სააკაშვილისთვის, მიიღო თუ არა თაფლი, რაც შეეხება წვენს, ექიმის თქმით, სააკაშვილმა წვენი დალია, თუმცა მეტი თანხა არ აქვს ბარათზე მის შესაძენად.
„აქ როგორი სისტემა ყოფილა: გაძლევენ რაღაც ბარათს, რომელზეც არის მგონი 700 ლარი, ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი გადაიხადა ტელევიზორსა და რაღაცებში. შემდეგ თვემდე არ ექნება თანხა“, - განმარტა ექიმმა.
ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტი და პასუხი არ არის დამაიმედებელი. „რაღაცები მომატებულია. ჩაუტარდა რუტინული კვლევა სისხლის და შარდის. რამდენიმე დღეში საფრთხის წინაშე იქნება. ანემია და პლუს რაღაც ორი...“ - თქვა მან.
ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეგნულად არ შეცვლილა, არის ძალიან მხნედ და მოტივირებულია. „თავს გრძნობდა კარგად, რომ ნახოთ, ვერც შეამჩნევთ რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია“, - აღნიშნა ექიმმა.
ყიფშიძე, როგორც ამბობს, სააკაშვილს მედიკამენტური დახმარება ჯერ არ სჭირდება. „საუბედუროდ, ჩემი გამოთვლებით შემდეგ კვირაში დასჭირდება. ჯერჯერობით სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს“, - დაამატა მან.
პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილს ისევ მოინახულებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სააკაშვილი იღებს თაფლს და ნატურალურ წვენს8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში იმყოფებოდა უკრაინის რადის დეპუტატი ლიზა იასკოც, ვისთანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, როგორც საქართველოში დაბრუნებამდე თქვა, მან ახალი ოჯახი შექმნა. ისაკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში წონაში საგრძნობლად დაიკლო.
„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. მეორე კვირაა უკვე შიმშილობს, 12 კილო დაიკლო, თუმცა მზად არის ბრძოლისთვის. ამ პროცესებს მთელი მსოფლიო აკვირდება, ყველა წუხს იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დააპატიმრეს. ეს ძალიან სამწუხაროა, უნდა ვიბრძოლოთ მის გასათავისუფლებლად და საქართველოს მომავლისთვის. მას ნამდვილად აქვს უკვე ტელევიზორი, ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს", - თქვა ლიზა იასკომ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მან მაშინვე გამოაცხადა შიმშილობა. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.