პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეთავაზებული ინიციატივის კომენტირებისას ამბობს, რომ შეთავაზების უკან 2 ძირითადი მიზანია: პოლარიზაციის დასრულება და პოლიტიკის მართვის კულისებიდან გამოყვანა, "გათეთრება" და ღია, საჯარო სივრცეში გადატანა.
„აუცილებელია, რომ ეს ერთმანეთის, ერთის მხრივ, მკვებავი, ხოლო, მეორეს მხრივ, შინაარსობრივად დაპირისპირებული ძალა გვერდიგვერდ დავსხათ და, გარკვეულწილად, რაღაცა ტიპის კონსენსუსი ვნახოთ. ამისთვის, ჩემი აზრით, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ დადებულმა შედეგმა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მისცა ერთსაც და მეორესაც. განსაკუთრებით იმ მსხვილ ქალაქებში, სადაც ჩვენი ხმა არის ფაქტიურად ოქროს ხმა. ეს არის ქართული დემოკრატიისთვის და პოლიტიკური პლურალიზმისთვის გარკვეულწილად პოლიტიკური კლასის და მომწიფებულობის გაზრდისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. და თუ გამოიყენებს ერთიც და მეორეც, მგონი, კარგი იქნება. სახელმწიფოსთვის იქნება კარგი, რომ არაფერი ვთქვათ იმ თვითმმართველ ქალაქებზე, სადაც პრაქტიკულ დონეზე ეს აუცილებლობა იქნება უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში სამომავლოდ“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ „დილის საუბრებში“.
გადაცემაში კახაბერ ქემოკლიძემ თქვა, რომ პარტიის „საქართველოსთვის“ ამოცანაა, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ერთმანეთთან, შემდეგ კი „საქართველოსთან“ ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკური ნება აპოვნინოს. მისივე თქმით, ამ დროისათვის ერთი ძალაც და მეორეც ცალმხრივად ცდილობს პარტიასთან „საქართველოსთვის“ მოლაპარაკებას და „ოქროს გასაღების“ ხელში ჩაგდებას“.
„ჩვენი სარგებელი, სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ დავთანხმდებით და ვთანხმდებით სხვათა შორის საკმაოდ მიმზიდველ წინადადებებს, რომლებსაც ერთიც გთავაზობს და მეორეც... ამიტომ ჩვენ ვთქვით ძალიან მარტივი რაღაცა, ერთი გასროლით უნდა დავიჭიროთ 2 კურდღელი“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ „დილის საუბრებში“.
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, ამ ორ პარტიას სთავაზობს ღია მოლაპარაკებას საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით.
ინიციატივის თანახმად, სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, „საქართველოსთვის“ მზადაა უპირობოდ დაეთანხმოს ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში.
„ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები. ჩვენ ამ პროცესში არა გვაქვს არანაირი პრეტენზია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ინიციატივის წარდგენისას.
„საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ აპირებს კოალიციის შექმნას არც „ქართულ ოცნებასა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ასევე ნახეთ გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას შეთავაზება რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აბსურდად შეაფასა.
ასევე ნახეთ თინა ბოკუჩავა: თუ გახარია სახელისუფლებო უმრავლესობის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას, პარტია განადგურდება ასევე ნახეთ გადადის "ქართული ოცნება" თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციაში? - გაეცანი შედეგებს