„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აბსურდად აფასებს გიორგი გახარიას შეთავაზებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკებებს გულისხმობს, საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით. ინიციატივის თანახმად, სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, „საქართველოსთვის“ მზადაა უპირობოდ დაეთანხმოს ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში. თინა ბოკუჩავა „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ გიორგი გახარიას ეს წინადადება „ხელის დაბანისა“ და პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობაა:
„როგორ წარმოუდგენია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია და რეჟიმი, რომელსაც დაკავებული ჰყავს ჩვენი ლიდერი, კონსენსუალურად რაღაც გადაწყვეტილებამდე მივლენ?! ეს ხომ აბსურდია. მან უნდა ცხადად განაცხადოს, რა არის მისი პოზიცია. უჭერს მხარს ოპოზიციას, თუ უჭერს მხარს ხელისუფლებას და ამით გაიგებს, მათ შორის მისი ამომრჩეველი, რომელიც მე მაინც ვფიქრობ, რომ შეცდომაში იქნა შეყვანილი არჩევნების დღეს, ის არის სახელისუფლებო პროექტი თუ ოპოზიციური პარტია. ძალიან მარტივია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ „საქართველოსთვის“ მმართველი პარტიის მხარეს აღმოჩნდება, იგი, როგორც პარტია, დაიშლება:
„მან თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელისუფლებო უმრავლესობის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე და არა ოპოზიციური უმრავლესობის შექმნაში, ის განადგურდება როგორც პარტია იმიტომ, რომ ის მცირე თუ გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი, რომელმაც მას გამოუცხადა ნდობა როგორც ოპოზიციურ პარტიას, დანამდვილებით დაინახავენ, რომ ის არ წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას და შეიქმნა სწორედ ივანიშვილისთვის კოალიციური პარტნიორის როლის გასაწევად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „დილის საუბრებში“. მისივე თქმით, გამორიცხულია მესამე ვარიანტიც, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ ზოგ საკრებულოში მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, ზოგან კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.
გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, ამ ორ პარტიას ღია მოლაპარაკებების დაწყება საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით 7 ოქტომბერს შესთავაზა.
„ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები. ჩვენ ამ პროცესში არა გვაქვს არანაირი პრეტენზია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ინიციატივის წარდგენისას.
„საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ აპირებს კოალიციის შექმნას არც „ქართულ ოცნებასა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ასევე ნახეთ გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 30%-ზე მეტით და მესამეზე „გახარია-საქართველოსთვის“, რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა.
ასევე ნახეთ გადადის "ქართული ოცნება" თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციაში? - გაეცანი შედეგებს