მან თავის დროზე ლომის წვლილი შეიტანა ჯერ ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტებაში, მოგვიანებით კი - საპარლამენტო არჩევნებში „ხალხის მსახურის“ გამარჯვებაში.
ასევე ნახეთ უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა სპიკერი, დმიტრო რაზუმკოვიუკვე ცნობილია, რომ უმაღლესი რადის ახალ თავმჯდომარედ, მმართველი პარტია სპიკერის მოადგილის, რუსლან სტეფანჩუკის კანდიდატურას განიხილავს.
37 წლის დმიტრო რაზუმკოვი კი „საკუთარი გუნდის“ ჩამოყალიბებით დაკავდება: „იმედია ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან. პენსიაზე გასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. არის ფასეულობები, რომლებიც დღესღდეობით არ არის რეალიზებული“, - თქვა დმიტრო რაზუმკოვმა.
„ცივი ომი“ ზელენსკისა და რაზუმკოვს შორის
„დმიტრო რაზუმკოვის გადაყენების უშუალო მიზეზი არის უკმაყოფილება, რომ იგი თავს უფლებას აძლევდა ეკამათა და არ დათანხმდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც თავს მიიჩნევს უკრაინის ერთპიროვნულ მმართველად.ევჰენ მაგდა, მიმომხილველი
5 ოქტომბერს უკრაინის საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. უკრაინის უმაღლესმა რადამ თავის თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს ორი დღით აუკრძალა პლენარული სხდომების გაძღოლა. ხუთშაბათს კი სპიკერის გადაყენებას მხარი 450 დეპუტატიდან 284-მა დაუჭირა.
„დმიტრო რაზუმკოვის გადაყენების უშუალო მიზეზი არის უკმაყოფილება, რომ იგი თავს უფლებას აძლევდა, ეკამათა და არ დათანხმდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც თავს მიიჩნევს უკრაინის ერთპიროვნულ მმართველად და არ სურს სხვა თვალსაზრისის მიღება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
დმიტრო რაზუმკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო 2019 წელს და რადის თავმჯდომარე გახდა, როგორც ზელენსკისთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაახლოებული პოლიტიკოსი. მაგრამ მოგვიანებით მასა და პრეზიდენტის ოფისს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ზელენსკის მომხრეები რაზუმკოვს ბრალს სდებენ, რომ ის საბოტაჟს უკეთებდა პრეზიდენტის ზოგიერთ ინიციატივას, კერძოდ, კანონს „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ. ამ დაპირისპირების კვალს ნათლად ამჩნევდნენ უკრაინის შიდა პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებიც.
„თუ დააკვირდებით, უკრაინის პრეზიდენტის საიტზე წელიწადზე მეტი იქნება, რაც არ გამოქვეყნებულა რაზუმკოვთან ერთად გადაღებული ფოტო. ანუ ამ ორ პოლიტიკოსს შორის „ცივი ომი“ საკმაო ხანს გრძელდებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ყველა, ვინც მისი წყალობით მოხვდა ხელისუფლებაში, მას უნდა ემორჩილებოდეს. რაზუმკოვი კი ცდილობდა, რომ ყოფილიყო მისი საპირწონე და ჰქონდა ნდობის გარკვეული რეიტინგი, რომელიც ზოგჯერ აჭარბებდა ზელენსკის ნდობის რეიტინგს. ცხადია, ეს ზელენსკის აღიზიანებდა. ამ დაპირისპირებაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა ე.წ. კანონი ოლიგარქების შესახებ“, - ამბობს გამოცემა „ევროპეისკაია პრავდის“ კორესპონდენტი, იური პანჩენკო.
რაც შეეხება ზელენსკისა და რაზუმკოვს შორის განხეთქილების ვაშლად ქცეულ ოლიგარქების შემზღუდავ კანონმდებლობას, იგი ითვალისწინებს ოლიგარქის იურიდიული განმარტების შემოღებას, ოლიგარქების სიის შექმნას და მათ მოქმედებებზე შეზღუდვების დაწესებას. მაგალითად, მათ აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, კანონი ქვეყნის იმ ბიზნესმენებისგან დასაცავად არის საჭირო, რომლებიც ათწლეულებია კორუფციაში არიან ჩართული. ზელენსკის ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ კანონი შერჩევითად იქნება გამოყენებული და პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს.
უკრაინის უმაღლესი რადის აწ უკვე ყოფილი სპიკერი მიიჩნევდა, რომ დამტკიცებამდე კანონს საერთაშორისო ექსპერტიზა უნდა გაევლო.
საკანონმდებლო ორგანოს 4 ოპოზიციური ფრაქციის თხოვნით დმიტრო რაზუმკოვი დათანხმდა, რომ კანონპროექტი განსახილველად ვენეციის კომისიისთვის გაეგზავნათ.
რაზუმკოვის პრინციპული წინააღმდეგობა მმართველმა პარტიამ იოლად დასძლია და საპარლამენტო უმრავლესობამ 23 სექტემბერს მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო ე.წ. ოლიგარქების კანონი. თუმცა, რადგან იგი სიჩქარეში დეპუტატებმა „ურთიერთგამომრიცხველი ნორმებით“ მიიღეს, იური პანჩენკოს თქმით, დოკუმენტში საჭირო იქნება შესაბამისი ცვლილების შეტანა.
საქართველოს მსგავსი ვითარება?
კანონის უზენაესობის პრინციპი პოლიტიკურმა უპრინციპობამ ჩაანაცვლა, საკუთარი აზრის და სიტყვის თავისუფლება კი "ვინც ჩვენთან არაა, ჩვენს წინააღმდეგაა" პრინციპმა შეცვალა.დმიტრო რაზუმკოვი
მოგვიანებით უკრაინის პარლამენტის სპიკერი ვა-ბანკზე წავიდა და ანტიკორუფციულ ორგანოებს მიმართა თხოვნით, რომ შეემოწმებინათ ინფორმაცია ზოგიერთი დეპუტატისათვის ქრთამის შეთავაზების შესახებ „გარკვეული გადაყენების“ (იგულისხმებოდა თავად სპიკერის თანამდებობიდან გადაყენება) მხარდასაჭერად.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რაზუმკოვის „დიდი შეცდომა“ უწოდა „ასეთი დავის საჯარო სივრცეში, მედიაში“ გადატანას. ოქტომბრის დასაწყისში ლვოვის ქალაქ ტრუსკავეცში მმართველი „ხალხის მსახურის“ ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკიც ესწრებოდა, მმართველი პარტიის წევრებმა დმიტრო რაზუმკოვის გადასაყენებლად საჭირო 150-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვეს.
7 ოქტომბერს 450-წევრიანმა უმაღლესმა რადამ 284 ხმით გადააყენა თავისი სპიკერი. დმიტრო რაზუმკოვმა ყოფილი თანამებრძოლების ვერდიქტი მშვიდად მოისმინა და სპიკერის ამპულაში თავისი ბოლო სიტყვა წარმოთქვა.
„ჩვენს პარლამენტში ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად მოვედი. ვცადე, რომ ამ დაპირებების ნაწილი მაინც შემესრულებინა. კანონის უზენაესობის პრინციპი პოლიტიკურმა უპრინციპობამ ჩაანაცვლა, საკუთარი აზრის და სიტყვის თავისუფლება კი, "ვინც ჩვენთან არაა, ჩვენ წინააღმდეგაა" პრინციპმა შეცვალა“, – აღნიშნა რაზუმკოვმა თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.
დმიტრო რაზუმკოვის სიტყვებს აპლოდიმენტებით შეხვდნენ ოპოზიციური ფრაქციების „ევროპული სოლიდარობის“ და ასევე პრორუსულად მონათლული „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წევრები, რომლებმაც სპიკერის გადაყენებას წინააღმდეგ მისცეს ხმა. არსებობს ფრთხილი მოსაზრება, რომ უმაღლესი რადის ყოფილი სპიკერი, რომელსაც დეპუტატის მანდატი შეუნარჩუნდა, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი გუნდით ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას შეეცდება.
„მე ვერ ვხედავ დიდი პოლიტიკურ მომავალს რაზუმკოვისთვის, თუ ის აქტიურ საქმიანობას უკვე დღეიდან არ შეუდგება და არ დაიწყებს ზელენსკის კრიტიკას, არ დაიწყებს საკუთარი ხალხის გამოყვანას „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან და არ მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მზადაა დაიწყოს ზელენსკის ოპონირება და ითამაშოს საკუთარი წესით. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ მას დეპუტატის მანდატიც ჩამოართვან. მაგრამ უკრაინის რეალობის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში რაზუმკოვი, როგორც პოლიტიკოსი, შესაძლოა უფრო პოპულარული გახდეს, ვიდრე იყო სპიკერად ყოფნის დროს“, - ამბობს ევჰენ მაგდა, რომელიც იმასაც აღნიშნავს, რომ დმიტრო რაზუმკოვის „პოლიტიკური ამბიციებისთვის“ სერიოზული დარტყმაა ის ფაქტი, რომ მის გადაყენებას მხარი 284-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რაზუმკოვის გათავისუფლებას მმართველი „ხალხის მსახურის“ ფრაქციის უმრავლესობის გარდა, ასევე იულია ტიმოშენკოს „ბატკივჩშინას“ და სხვა პარტიების დეპუტატთა ნაწილმა მისცა ხმა.
შესაბამისად, მომავალი პარტნიორების მოსაძებნად რაზუმკოვს არც ისე დიდი არჩევანი აქვს უკრაინის უმაღლეს რადაში.
„აქაური ვითარება ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოშია. თუ არ ჩავთვლით „ოპოზიციურ პლატფორმას სიცოცხლისათვის“, უკრაინაში ძალიან დიდია პოლარიზება. აქ ან პოროშენკოს (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის) მხარეზე ხარ, ან - ზელენსკის. ასეთი ვითარება კი ჯერჯერობით ხელს აძლევს ზელენსკის, რადგან მისი ანტირეიტინგი, ანუ უნდობლობის რეიტინგი გაცილებით დაბალია, ვიდრე პოროშენკოსი. ნდობის რეიტინგი ზელენსკის საკმაოდ მაღალი აქვს, რაც აძლევს მას შესაძლებლობას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, შეიძლება პირველსავე ტურშიც გაიმარჯვოს, თუ მანამდე ოპოზიციაში ვინმე ახალი ლიდერი არ გამოჩნდება“, - ამბობს იური პანჩენკო.
გახდება თუ არა დმიტრი რაზუმკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის მეტოქე მომავალ საპრეზიდენტო ბრძოლაში, - ამის წინასწარმეტყეველება ახლა უკრაინაში არავის შეუძლია. მით უფრო, რომ ჯერ არც თავად ვოლოდიმირ ზელენსკის გადაუწყვეტია, იყრის თუ არა მეორე ვადით კენჭს პრეზიდენტის პოსტზე.
მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ მაინც გადაწყვეტს კენჭისყრაში მონაწილეობას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკის უკვე სულ სხვა გუნდი ეყოლება. დმიტრო რაზუმკოვამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი აპარატის გავლენიანი უფროსი, ანდრეი ბოჰდანი, რომელმაც პოსტის დატოვებიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტს „უცოდინარი“ და „გამოუცდელი“ პოლიტიკოსი უწოდა, ხოლო ზელენსკის გარემოცვა ყირიმისა და დონბასის გარშემო რუსეთთან ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა.