გასული ერთი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაციის სტაბილურად გაუმჯობესების შემდეგ, ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა გაუარესების ტენდენცია. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, წინა ორი კვირის სამშაბათთან, ოთხშაბათსა და ხუთშაბათთან შედარებით, ბოლო სამი დღეა დაახლოებით 300-ით მეტი ახალი შემთხვევაა: „ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ნელ-ნელა ისევ გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევების. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამიტომ, ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია".
ბოლო სამი დღეა საქართველოში ყოველდღიურად აღირიცხება კორონავირუსით ინფიცირების 2000-ზე მეტი შემთხვევა.
ასევე ნახეთ საქართველოში ჯერ 30%-იც არ არის სრულად ვაქცინირების მაჩვენებელიამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაა ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი დღეში 8 ათასია, რაც აგვისტოზე დაახლოებით 3-ჯერ და სექტემბერზე 2.5-ჯერ ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ იწყება სხვა რესპირაციული ვირუსების პერიოდი, განსაკუთრებით, გრიპის პერიოდი ოქტომბრის ბოლოდან და მსოფლიოში უკვე გაჩნდა ახალი ტერმინი - ტვინდემია, ანუ გრიპის და კოვიდის ერთად გავრცელება.
„თუ არ ავიცერით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენის ქვეყანაში, - სხვადასხვა გათვლით, დღეს გვაქვს 50-55%-ის ფარგლებში იმუნური ფენა, - თუ ეს არ იქნა დაახლოებით 80%, ანუ გადატანილი პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი, ძალიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 844 965 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35%. სრულად ვაქცინირებულია 849 946 - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%. ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.