Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჯერ 30%-იც არ არის სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 6 ოქტომბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 7 815 ადამიანი.

ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ზე ნაკლებია. აცრის ტემპმა შემცირება დაიწყო სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როცა დღიური მაჩვენებელი 15 ათასსაც ვერ აღწევდა, მაშინ როცა წინა პერიოდში დღეში იცრებოდა თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად და მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის ასაცრელად აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, 60% საკმარისი აღარ არის და ეპიდემიის შესაჩერებლად საჭიროა, რომ ვაქცინირებული იყოს 80%.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 844 965 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35%. სრულად ვაქცინირებულია 849 946 - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%.

საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

XS
SM
MD
LG