მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული არაერთი რუსი მაღალჩინოსანი, მენეჯერი და პუტინის საყვარელი და მისი, ქორწინების გარეშე გაჩენილი ქალიშვილის დედაც კი - ასე სვეტლანა კრივონოგიხს რუსი ჟურნალისტები მოიხსენიებენ.
ჩელისტ როლდუგინიდან სვეტლანა კრივონოგიხამდე
თუ „პანამის ქაღალდების“ წყალობით მსოფლიომ შეიტყო „პუტინის ყულაბის“ სახელით ცნობილი ჩელისტი სერგეი როლდუგინის შესახებ, „პანდორას დოკუმენტების“ რუსულ ნაწილში ძირითადი სენსაცია სვეტლანა კრივონოგიხს უკავშირდება.
ასევე ნახეთ
პანამის დოკუმენტები, ოფშორები და ფულის სამრეცხაოებირუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტებად“ მონათლულმა გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტებმა გაჟონილი დოკუმენტების შედეგად შეძლეს იმის დადგენა, რომ მონაკოში მდებარე და ოფშორში დარეგისტრირებული მდიდრული აპარტამენტები ვლადიმირ პუტინის სავარაუდო საყვარელ სვეტლანა კრივონოგიხს ეკუთნის;
„მის შესახებ ერთადერთი სიახლე, რაც ჩვენ გავიგეთ, არის ის, რომ მის (კრივონოგიხს) მფლობელობაში გაჩნდა უძრავი ქონება მონაკოში, საკმაოდ გვარიანი ბინა, რომელიც კაზინოს გვერდით მდებარეობს და ზღვას გადაჰყურებს. ამ ბინის შეძენა 3,6 მილიონ ევროდ 2000-იან წლების შუაში მოხდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რომან შლეინოვმა, გაჟონილ დოკუმენტებზე მომუშავე გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტმა და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშგების პროექტის (OCCRP) რეგიონულმა დირექტორმა.
საუბარია საცხოვრებელ კომპლექს The Monte Carlo Star-ზე (მონტე-კარლოს ვარსკლავი). მასში მდებარე ერთ-ერთი ბინა ეკუთვნის ოფშორულ ფირმა Brockville Development-ის ბენეფიციარს 2006-დან 2017 წლამდე, სვეტლანა კრივონოგიხს.
„პანდორას ქაღალდების“ სახელით გამოჟონილ, თითქმის სამი ტერაბაიტი მოცულობის ინფორმაციაზე მომუშავე ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კროვონოგიხს კავშირი უნდა ჰქონდეს პუტინის ყველაზე უფრო დაახლოებულ მეგობართა წრესთან.
მაგრამ საიდან შეიძლებოდა კრივონოგიხს ეშოვნა 3,6 მილიონი ევრო? არსებობს მოსაზრება, რომ ფული, რომლითაც მონაკოში „მონტე-კარლოს ვარსკვლავის“ ბინაა შეძენილი, პუტინს უნდა ეკუთვნოდეს.
„რუსეთში ყველა ფული პუტინს ეკუთვნის. როდესაც რამდენიმე საათში შეიძლება ნებისმიერი ბიზნესის დახურვა, უბრალოდ ბიზნესმენის ციხეში გამომწყვდევით; როდესაც ადამიანი, მაგალითად, იყო დიდი მეწარმე, ხოლო რამდენიმე დღეში ის ფაქტობრივად აღარავინაა და მისი აქტივები ორთქლდება, - ასეთ ვითარებაში, ქვეყანაში ყველა ფული ეს პუტინის ფულია. ჩვენში ბიზნესმენები უუფლებო ხალხია. რატომ მიისწრაფვიან ისინი დიდ ბრიტანეთში? რატომ ესწრაფვიან ოფშორულ იურისდიქციას? რადგან მათ ესმით, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ყველაფერი წაართვან“, - ამბობს რომან შლეინოვი.
რა ამოიკითხა კრემლმა „პანდორას ქაღალდებში“?
„2011 წელს „საქმიანი რუსეთის“ ფორუმზე პუტინმა მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ უარი ეთქვათ ოფშორებზე, რასაც უკუშედეგი მოჰყვა.
ახლახან გამოჟონილ „პანდორას დოკუმენტებში“ ფიგურირებს კრემლთან დაახლოებული 52 რუსი მაღალჩინოსნის, ბიზნესმენისა და მედიამაგნატის სახელი.
მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია პირველი არხის გენერალური დირექტორი, კონსტანტინ ერნსტი, ოფშორების მეშვეობით მონაწილეობს მოსკოვში ძველი კინოთეატრების დანგრევისა და მათ ადგილზე კინოდარბაზებიანი სავაჭრო ცენტრების მშენებლობაში;
სვეტლანა კრივონოგიხის აპარტამენტის ისტორიაში ნახსენები ოფშორი (Brockville Developmente) რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში შემავალ მისი მეგობრებთან, სახელდობრ, გენადი ტიმჩენკოსა და პიოტრ კოლბინთან, დაახლოებული ადამიანების მიერაც გამოიყენებოდა.
კერძოდ, კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელი, სერგეი ჩემეზოვი, ოფშორის საშუალებით ფლობს 22 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 300 მილიონი დოლარი) ღირებულების ქონებას, მათ შორის, ვილას და იახტას ესპანეთში.
პატრიოტიზმსა და „დასავლეთის ხრიკებზე“ დაუსრულებელი საუბრების ფონზე, „პანდორას ქაღალდებში“ მოხვედრილი რუსი მაღალჩინოსნები სწორედ დასავლეთში ფულის შენახვას ანიჭებენ უპირატესობას, „ხოლო მათი შვილები თავიანთ მომავალს საერთოდ არ უკავშირებენ რუსეთს, როგორც, მაგალითად, დეპუატატ ლეონიდ სლუცკის ქალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ღიად წერდა, რომ რამდენიმე წელიწადში შვეიცარიის პასპორტის მიღებას იმედოვნებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რომან შლეინოვმა.
2016 წელს, როდესაც „პანამის ქაღალდებზე“ დაყრდნობით გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების კავშირი ოფშორულ კომპანიებთან, - კრემლი შეეცადა ეს წარმოედგინა, როგორც რუსეთის დესტაბილიზაციის მისაღწევად შექმნილი პროექტის ნაწილი.
მიმდინარეობს ძალისხმევა, პუტინის დისკრედიტაციისა და რუსეთში სექტემბრის არჩევნებისთვის ხელის შეშლის მიზნითო, უთხრა 5 წლის წინ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
პუტინი მასალის გამოქვეყნებიდან ოთხ დღეში, 7 აპრილს, სკანდალს თავად გამოეხმაურა თავად და თქვა, რომ ოპონენტებს ყველაზე მეტად რუსი ერის ერთობა და კონსოლიდაცია აშფოთებთო.
ასევე ნახეთ
„პანამის დოკუმენტები“ პუტინის თვალით
ოფშორულ კომპანიებთან ვლადიმირ პუტინის გარემოცვის კავშირების თაობაზე „პანდორას ქაღალდების“ სახელით გამოქვეყნებულ დოკუმენტებს კრემლი უფრო თავშეკავებით შეხვდა.
„ჩვენ მასში დამალული სიმდიდრე ვერ დავინახეთ. ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული არ გვინახავს. საუბარია რაღაც მტკიცებულებებზე, რომლებიც გაუგებარია, თუ რას ეფუძნება. ეს. რა თქმა უნდა, არ არის მიზეზი შემოწმებისთვის“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ ამ დოკუმენტებით გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ხარვეზი ოფშორულ ანგარიშებთან დაკავშირებით აშშ-ში არსებობსო.
კრემლის პრესმდივნის ეს კომენტარი, კარგი საზრდოა რუსული პროპაგანდისტული მედიისათვის შესაბამისი ფონის შესაქმნელად.
2016 წელს რუსეთის სახელმწიფო მედიაში თითქმის მთლიანად იყო უგულებელყოფილი ინფორმაცია ოფშორულ ფინანსურ საქმიანობაში პუტინის ახლობლების მონაწილეობის შესახებ. სამაგიეროდ, ბევრს წერდნენ „პანამის დოკუმენტების“ იმ ნაწილზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, გასაიდუმლოებულ ფინანსურ საქმიანობას ეხება.
მოკლედ „პანდორას ქაღალდების“ შესახებ
3 ოქტომბერს გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოაქვეყნა „პანდორას ქაღალდები“ - დოკუმენტები, რომელიც შეიცავს დიდძალ საყურადღებო ინფორმაციას მსოფლიო მასშტაბით არსებული ოფშორული კომპანიებისა და მათი რეალური ბენეფიციარების შესახებ.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, 1998-2016 წლებში ოფშორულ ზონაში 12 კომპანია დაურეგისტრირებია.
„პანდორას არქივის“ თანახმად, იორდანიის მეფე აბდალა მეორეს ოფშორული ფირმების მეშვეობით 100 მილიონი დოლარი დაუხარჯავს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების შეძენაზე. როგორც ირკვევა, ოფშორებს იყენებდნენ უძრავი ქონების შესაძენად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და ჩეხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ანდრე ბაბიში (მისი დაცვის უფროსმა ხელი დაარტყა ბიბისის ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა ბაბიშისთვის შეკითხვა დაესვა ამ თანხების წარმომავლობაზე);
„პანდორას დოკუმენტებში“ აღმოჩნდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამგვარი გაჟონვების „მუდმივი სტუმარი“, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახის წევრები.