"პანდორას ქაღალდებს" სხვა გაჟონილ დოკუმენტებზე მეტი შედეგი მოჰყვება

3 ოქტომბერს გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოაქვეყნა ე.წ. პანდორას საბუთების (Pandora papers) ექსპერტიზის შედეგები.

„პანდორას საბუთები“ არის უზარმაზარი მოცულობის გაჟონილი ინფორმაცია (11,9 მილიონი ფაილი) იმ კომპანიებზე, რომლებიც ოფშორული კომპანიების შექმნაზე არიან სპეციალიზებული. ეს დოკუმენტები ნათელს ჰფენს დაფარულ ფინანსურ სამყაროს, რომელშიც ზემდიდარი ადამიანები საკუათარი შემოსავლების დამალვას ახერხებენ მცირე გადასახადების გადახდის ან გადასახადებისთვის საერთოდ თავის არიდების გზით.

როგორც ვარაუდობენ, „საგადასახადო სამოთხეებში“ ყოველწლიურად უჩინარდება 400-800 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები.

როგორც ვარაუდობენ, „საგადასახადო სამოთხეებში“ ყოველწლიურად უჩინარდება 400-800 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები.„პანდორას საბუთებში“ ნახსენები ყველა პირი არ არის კანონდარღვევაში ბრალდებული. მაგრამ „საგადასახადო სამოთხეებში“, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, პანამასა თუ შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიების გამოყენებით მდიდრებს შეუძლიათ, მაქსიმალურად გაასაიდუმლოონ საკუთარი ფინანსები. ეს კი ზოგჯერ გადასახადებისთვის თავის არიდების საშუალებას იძლევა.

დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას 35 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მეთაურის და 300 ოფიციალური პირის შესახებ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როგორ მოხდა ამ ფაილების გაჟონვა.

„პანდორას საბუთებიდან“ ირკვევა, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოფშორში 12 კომპანია დაარეგისტრირა სხვადასხვა პერიოდში.

ასევე ნახეთ Pandora Papers: ბიძინა ივანიშვილი "სამოთხეში" 12 კომპანიას მალავს

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი თორმეტივე კომპანია ერთ ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

მათ „ქართული ოცნების” დამფუძნებელი 18 წლის განმავლობაში, 1998-2016 წლებში არეგისტრირებდა. ამის გაკეთებაში მას შუამავალი კომპანია, Alcogal-ი ეხმარებოდა.

ივანიშვილის კომპანიების ზუსტი საქმიანობის შესახებ „პანდორას საბუთებში“ ინფორმაცია არ მოიპოვება.

საბუთებში ფიგურირებს მსოფლიოს მრავალი ცნობილი ადამიანი.

კვლევით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი უძრავი ქონების ფარულ გარიგებებშია გარეული დიდ ბრიტანეთში. ICIJ-ში გაერთიანებული, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშგების პროექტის (OCCRP) თანახმად, ალიევის ქონება, რომელიც ოფშორულ კომპანიებშია გატარებული, 700 მილიონ დოლარს აღწევს.

გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მის უახლოეს გარემოცვას შემოსავალი აქვს ოფშორული კომპანიების ქსელებიდან, მათ შორის, ბრიტანეთში არსებული უძრავი ქონებიდან.

„პანდორას დოკუმენტების“ სხვა მასალების თანახმად, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მესამე, „არაოფიციალურმა ცოლმა“, თითქმის არაფრისთვის მიიღო 30 მილიონი დოლარი.

საბუთებში ფიგურირებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, რომელსაც დიდი ხანია ბრალს სდებენ კორუფციაში. „პანდორას საბუთები“ მეტყველებს, რომ მან სამხრეთ საფრანგეთში ძვირადღირებული შატო შეიძინა ოფშორული კომპანიებიდან გადარიცხული ფულით. ბაბიში უარყოფს კანონდარღვევას.

დოკუმენტები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აკავშირებს მონაკოში არსებულ აქტივებთან.

4 ოქტომბერს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „პანდორას საბუთებში“ შემავალ მასალებს უწოდა „მნიშვნელოვანწილად დაუსაბუთებელი მტკიცებულებების კრებული“.

ასევე ნახეთ პანამის დოკუმენტები, ოფშორები და ფულის სამრეცხაოები

Washington Post-ი, რომელიც „პანდორას საბუთების“ შემსწავლელ კონსორციუმში შედის, ავრცელებს ცნობას რუსეთის მოქალაქის, სვეტლანა კრივონოგიხის შესახებ, რომელიც მონაკოში ბინის მფლობელი გახდა ოფშორული ფირმის გზით. ფირმა რეგისტრირებულია კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ტორტოლაზე. კრივონოგიხმა ბინა მიიღო 2003 წლის აპრილში, მალევე, რაც გოგონა გააჩინა. იმ დროს ის საიდუმლო კავშირში იყო პუტინთან, იტყობინება ამერიკული გაზეთი რუსულ საგამოძიებო გამოცემა Proyekt-ზე დაყრდნობით.

აშშ სწავლობს „პანდორას საბუთებში“ გამოვლენილ მასალებს, მაგრამ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, დეტალებზე კომენტარებს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.

ამ მასალების გამოქვეყნებამდე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის იერიშს განახორციელებს უსამართლო სქემებზე, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს დიდ კორპორაციებს. თეთრმა სახლმა ტვიტერში დაწერა, დროა ვიზრუნოთ, რომ ზემდიდრებმა თავიანთი სამართლიანი წილი გადაიხადონო.

ოფშორში ფულის გადატანა თავისთავად არ ნიშნავს უკანონობას. მაგრამ უკანასკნელ წლებში ოფშორული ინდუსტრია სწრაფად გაიზარდა იმის გამო, რომ დიდი ფულის მფლობელები ცდილობენ, თავი აარიდონ გადასახადებს.

როგორც ვარაუდობენ, „საგადასახადო სამოთხეებში“ ყოველწლიურად უჩინარდება 400-800 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები. ანუ ეს ფული მთავრობებისთვის დაკარგულია. ეს ის ფულია, რაც შეიძლება მოხმარებოდა სკოლებს, საავადმყოფოებს და სხვა პროექტებს.

ოფშორული ინდუსტრიის მორალური სახის კვლევა წარსულ შემთხვევებთან შედარებით ბევრად აქტუალურია ახლა, როცა პანდემიის პირობებში მთავრობებს ბევრად მეტი ფულის სესხება უწევთ.

„პანდორას საბუთებს“ წინ უსწრებდა კიდევ ორი დიდი მსგავსი გაჟონვა - „პანამის საბუთები“ და „სამოთხის საბუთები“ 2016 და 2017 წლებში. წინა ორი გაჟონვის შედეგად მთავრობებმა 1,36 მილიარდი დოლარი მიიღეს დამალული გადასახადებისა და ჯარიმების სახით. მსგავს შედეგებს ელიან „პანდორას საბუთებისგანაც“, თუმცა ის წინა ორი გაჟონვისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ოფშორული ინდუსტრიის მორალური სახის კვლევა წარსულ შემთხვევებთან შედარებით ბევრად აქტუალურია ახლა, როცა პანდემიის პირობებში მთავრობებს ბევრად მეტი ფულის სესხება უწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ამავე დროს, რიგითი მოქალაქეები უკვე გრძნობენ საკუთარ თავზე გადასახადების ზრდის შედეგებს, რაც, ექსპერტების ვარაუდით, კიდევ რამდენიმე ათწლეულს გაგრძელდება.

როგორც The Guardian-ი წერს, „პანდორას საბუთები“ ინფორმაციის მსგავს გაჟონვებთან შედარებით ბევრად უფრო შორს წავა პოლიტიკური ელიტის ფინანსური მაქინაციების კვლევაში.