ბადრი ჯაფარიძემ, „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ოლქში, სადაც ოპოზიციის მერობის კანდიდატები მეორე ტურში გავიდნენ, პარტია მათ დაუჭერს მხარს.
„ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები გადავიდნენ მეორე ტურებში, იგულისხმება მერობის კანდიდატები. მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში. რადგან ეს ნიშნავს სწორედ, ცვლილებებს. ცვლილებებს, რომელიც გაგვიკეთა ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თვითმმართველობის არჩევნებზე „ლელოს“ პირველი ნომერი ლაპარაკობს მისი პარტიის შედეგების შესახებ.
„მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ყველა შეფერხებისა, ხელოვნური ბარიერისა, „ლელომ“ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის. 25 მუნიციპალიტეტში „ლელოს“ ეყოლება წარმომადგენელი საკრებულოებში. თბილისსა და ბათუმის საკრებულოებში „ლელოს“ ეყოლება 2-2 წევრი“, - თქვა ჯაფარიძემ.
პოლიტიკოსმა 2 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას განაცხადა: „კიდევ ერთი ძალადობრივი არჩევნების მოწმენი გავხდით. სამწუხაროდ, ამ არჩევნებს ვერ ვუწოდებთ თავისუფალს, დემოკრატიულს. ის იყო სავსე ძალადობრივი აქტების, მოსყიდვის, დაშინების ფაქტებით, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პირობებში ეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება კახა კალაძისა და ნიკა მელიას მონაწილეობით.
ასევე ნახეთ მერის არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელია 15 თვითმმართველ თემში