თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი კახა კალაძე საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა. მან პირდაპირ თქვა, რომ მხარი დაუჭირა საკუთარ პარტიას და გაიმეორა თავისი სლოგანი, რომელიც წელს აქვს.
"მე ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას - იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია ერთადერთ პარტიას - ეს არის "ქართული ოცნება". შესაბამისად, ხმა მივეცი ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა", - თქვა კალაძემ.
კალაძის გარდა, ხმის მისაცემად უკვე იყვნენ მისული მერობის სხვა კანდიდატები - "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია და "საქართველოსთვის" გიორგი გახარია.
ასევე ნახეთ მელია: ვფიქრობ, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს ასევე ნახეთ გიორგი გახარია: არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორისდღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია "შარლ მიშელის შეთანხმების" შესაბამისად ხმების 43 პროცენტს ვერ აიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ 2024 წლამდე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.