სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილზე: მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით

სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.

„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში "ამერიკის ხმას."

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

ასევე ნახეთ ნინო ლომჯარიას ცნობით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს შიმშილობას

დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ 2018 წელს დაუსწრებლად გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილს სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საზოგადოებას გააცნო ის საქმეები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ბრალდებული. მესამე პრეზიდენტის მომხრეები საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს, სააკაშვილს კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ.

ასევე ნახეთ პროკურატურა: სააკაშვილს სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით