შსს სააკაშვილზე: უკრაინულ მხარესთან გვქონდა კომუნიკაცია, მას უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ ჩამოსულა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

"ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მათგანაც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია... კიდევ და ერთმნიშვნელოვნად ვიმეორებ - მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასევე ნახეთ დეპუტატი სამხარაძე სააკაშვილზე: დღისით გადაღებული კადრებიც გაავრცელოს, თუ უნდა დავიჯეროთ

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.