"მქონდა კონტაქტი [მიხეილ სააკაშვილთან] და გიდასტურებთ ამ ფაქტს, მქონდა ვიდეოზარი და შევიკავებ თავს იმის თქმისგან, როდის მქონდა ზარი. იმ ლოკაციიდან დამიკავშირდა, რაც ნახეთ ვიდეოში. უმოკლეს დროში გავრცელდება სხვა ვიდეოებიც, თავად მიხეილ სააკაშვილი გეტყვით დამატებით დეტალებს. ჩამოვიდა და აქ არის, ეს არის ფაქტი", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ეკა ხერხეულიძემ. ის არ პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, რა გზით შემოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში და თუკი მართლაც საქართველოშია, გამოჩნდება თუ არა უახლოეს საათებში. ხერხეულიძე ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან რთულია" და რომ ის ახლა "ქართული ოცნების თავსატეხია". პარტია კი, მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება და გამარჯვებას ელოდება, რომლის აღსანიშნავადაც 3 ოქტომბერს დიდ აქციას გამართავენ.
"ჩვენ ვემზადებით გამარჯვების ზეიმისთვის - ეს იქნება 3 ოქტომბერს", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მესამე პრეზიდენტი კი თავის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოებს ავრცელებს, რომლებიც, მისივე თქმით, ბათუმშია გადაღებული. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია და ფეისბუკზე დაპოსტა კიევი-თბილისის ავიაბილეთი, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2 ოქტომბერს, გვიან ღამით უნდა ჩამოფრენილიყო.
"ვიცი ის, რომ არჩევნების დღეს ხელი არ უნდა შეეშალოს, ეს ალბათ მან გაითვალისწინა. იცით, რომ კომისიების მუშაობა გვიანობამდე მიმდინარეობს. რომ არ ყოფილიყო რაიმე გაურკვევლობა, ეს კითხვის ნიშნები მოხსნილია. მშვიდად უნდა იმუშაონ ჩვენმა წარმომადგენლებმა, ყველა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უბნებზე, ეს არის მთავარი და აუცილებლად უნდა მოხდეს გამარჯვების გაფორმება", - ამბობს ეკა ხერხეულიძე. ის ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არ ეყოფა ძალა მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად, ვინაიდან მმართველი პარტია "ჩამოშლილია", მაგრამ თუ მაინც იქნება ამის მცდელობა, ხალხმა უნდა დაიცვას მესამე პრეზიდენტი.
ასევე ნახეთ დეპუტატი სამხარაძე სააკაშვილზე: დღისით გადაღებული კადრებიც გაავრცელოს, თუ უნდა დავიჯეროთ ასევე ნახეთ ბათუმია თუ არ არის ბათუმი? - სად დგას მიშაასევე ნახეთ სენატორი შაჰინი: არ მგონია სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს