სააკაშვილის საქართველოში ყოფნას უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარეც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება:

„არ შეიძლება გააკეთო კომენტარი სერიოზულად არასაერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის“, - უთხრა დღეს მედიას კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოებს ფეიკი უწოდა. „ემოციების დაცხრობისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, რომ არ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია“, - მიმართა ჟურნალისტებს კუჭავამ.

ასევე ნახეთ კობახიძე სააკაშვილზე: ნეტავ იყოს საქართველოში, საზოგადოება დაინახავდა, როგორი კლოუნია

დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა ორი ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ბათუმში იმყოფება, მანამდე კი გამოაქვეყნა პოსტი: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ”. პირველი პოსტის და ორი ვიდეოს შემდეგ, სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა მოწოდება, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების დასაცავად რეგიონებიდან თბილისისკენ კოლონებით დაძვრისკენ.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: 3 ოქტომბერს კოლონებით დავიძრათ თბილისისკენ, მეც შევუერთდები ერთ-ერთ კოლონას

შსს-ში განაცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდებოდა.

ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნება. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი განცხადებები საქართველოში დაბრუნების შესახებ 1 ოქტომბერს დაამთხვია. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელშიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.