საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მორიგ ფეისბუკ-პოსტში ამომრჩეველს 2 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ, ხოლო 3 ოქტომბერს არჩევნების შედეგების დასაცავად რეგიონებიდან თბილისისკენ კოლონებით დაძვრისკენ მოუწოდებს. იგი ამბობს, რომ ერთ-ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება:
„3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად.მეც შევუერთდები ერთ ერთ ასეთ კოლონას.ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი თავის ბოლო ფეისბუკ-პოსტში.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.