2 ოქტომბრის არჩევნების 3 განსხვავება

არქივიდან - 2012 წლის არჩევნები

2 ოქტომბრის არჩევნები, აქამდე ჩატარებული სხვა თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, საერთაშორისო პარტნიორების უჩვეულო ყურადღებას იწვევს.

დემოკრატიულობის ტესტის ჩაბარების გარდა, მათი თქმით, შაბათს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული არჩევანის დადასტურებაც მოუწევს.

ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობა და ჰაერში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის სუნიც ტრიალებს.

„ქართული ოცნება“, მმართველი პარტია, რომელიც 2012 წლიდან ყველა არჩევნებს იგებს, ირწმუნება, რომ ეს არჩევნები არაფრით განსხვავდება ერთი რიგითი თვითმმართველობის არჩევნებისგან, რომლის დროსაც ხალხი არა ცენტრალურ ხელისუფლებას, არამედ მერებსა და საკრებულოებს ირჩევს. თუმცა ოპოზიციური პარტიები ამ არჩევნებს, უკვე დიდი ხანია, რეფერენდუმს უწოდებენ და მის შედეგებს რიგგარეშე არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილებისკენ უმოკლეს გზად განიხილავენ.

  • რით განსხვავდება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმავე ტიპის წინა არჩევნებისგან?
  • რაზეა დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პერსპექტივა?

განსხვავება #1 - როგორც საპარლამენტო არჩევნებზე

წინა წლების თვითმმართველობის არჩევნებისგან 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეების უპრეცედენტო სიმრავლით განსხვავდება.

ასევე ნახეთ რაც მეტი სანდო თვალია - ნახეთ ვინ აკვირდება 2 ოქტომბრის არჩევნებს

ცესკოში დარეგისტრირდა 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციისა თუ ჯგუფის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი. მათ შორის არიან საქართველოში მოქმედი საელჩოების თუ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებისა და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებიც.

ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე 2017 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე.

აშშ-ის საელჩოს საქართველოში არჩევნებზე 100 დამკვირვებელი ეყოლება.

ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ „ამ არჩევნებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე.

„ეს ასევე აჩვენებს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პარტნიორების პასუხისმგებლობის, ინტერესისა და შეშფოთების დონეს“, - თქვა კელი დეგნანმა.

მან შემაშფოთებლად მოიხსენია ცნობები წინასაარჩევნო გარემოში „სერიოზული დაშინების, შევიწროებისა და ძალადობის“ შესახებ და ასევე - მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე თავდასხმებისა და სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ.

ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ, წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად, ყურადღება საგანგებოდ იქნება გამახვილებული არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდშიც.

ასევე ნახეთ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებს ევროპარლამენტის დელეგაცია დააკვირდება

კარს მომდგარ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თავისი მნიშვნელობით, საპარლამენტო არჩევნების რანგში განიხილავს ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA).

არჩევნების სამეთვალყურეოდ 29 სექტემბერს ჩამოსულმა პოლიტიკოსმა, კომენტარი აეროპორტში გააკეთა და ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ არჩევნები გამოცდა იქნება ქვეყნის ევროპული კურსისთვისაც.

„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. ის დონით მართლაც საპარლამენტო არჩევნებს უტოლდება, რადგან ის დაგვანახვებს - მიდის თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით... ჩვენ ვუმეთვალყურევებთ (საარჩევნო) პროცესს, რათა შევამოწმოთ - განმეორდება თუ არა მანიპულაციები და არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც წინა არჩევნებზე გამოვლინდა“, - თქვა მან.

საქართველოში ჩამოსული 7 ევროპარლამენტარი საარჩევნო პროცესებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მისიის შემადგენლობაში დააკვირდება. ODIHR-ს ცესკოში სულ 514 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული.

კენჭისყრის დღემდე ევროპარლამენტარები დახურულ კარს მიღმა აქტიურად ხვდებიან როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიამენეჯერებს.

„ჩემი მესიჯი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის ასეთია - გთხოვთ, პატივი სცეთ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და გთხოვთ, აღიარეთ ODIHR-ის შეფასებები“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა კალიურანდმა, ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან.

განსხვავება #2 - რიგგარეშე არჩევნების მოლოდინი

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები პირველი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივა პირდაპირ დაუკავშირდა. თუმცა ამჟამად ამ კავშირს უკვე აღარ აღიარებს „ქართული ოცნება“.

  • პოლიტიკური პარტიების ნაწილს შორის, ევროკავშირის მედიაციითა და დიდი ძალისხმევით, 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების („შარლ მიშელის შეთანხმება“) თანახმად - თუკი მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში ვერ მიიღებს 43%-ზე მეტს, ქვეყანაში 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს;
  • 2021 წლის ივლისში ამ შეთანხმებას „ქართული ოცნება“, ევროკავშირთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ცალმხრივად გამოეთიშა და მას შემდეგ, 43%-იან ზღვარს აღარ აღიარებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 29 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება:

„1%-ც რომ ავიღოთ, 0.1%-ც რომ ავიღოთ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების საფუძველზე არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება... ეს არის ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია ჩვენი... „ქართული ოცნება“ 43%-ზე ბევრად მაღალ შედეგს აიღებს ისედაც და ასედაც. არავითარი ფორმით არ არის აქტუალური ეს საკითხი, არც თეორიული ფორმით, არც პრაქტიკული ფორმით“.

ასევე ნახეთ დავით ზალკალიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: პარტნიორებმა ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად უნდა უთხრან

მართალია, 43%-იანი ზღვრის დაცვის აუცილებლობა „ქართული ოცნებისთვის“ ივლისის შემდეგ ბრიუსელიდან ღიად და ოფიციალურად აღარავის შეუხსენებია; მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, ევროკავშირის სტრუქტურებში 19 აპრილის შეთანხმებას ცოცხალ დოკუმენტად თვლიან და ამ ლოგიკით - ცოცხლად ითვლება 43%-იანი დათქმაც.

ბრიუსელში მას ასევე უთხრეს, რომ ევროკავშირში გაღიზიანებას ვერ მალავენ თბილისის მისამართით.

ასევე ნახეთ ევროკავშირის ქართული ოცნება

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ საკითხს ახლა „დროებით სძინავს“ და ის, დიდი ალბათობით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამოიღვიძებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თუკი მმართველი პარტია 43%-იან ნიშნულს ვერ დაძლევს, ის ვეღარ გაუძლებს ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას და რიგგარეშე არჩევნებს აუცილებლად დანიშნავს. ამასთან, ამ საკითხში ოპოზიცია ღიად გამოხატავს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედს.

ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს. ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარები და მერობის კანდიდატები საზოგადოებას „რეფერენდუმის ლიდერებად“ წარუდგინა.

მელია და ოპოზიციის სხვა ლიდერები მუდმივად განუმარტავდნენ ხალხს, რომ - სწორედ საარჩევნო ყუთებთან უნდა გადაწყვიტოს ხალხმა - სურს უკუსვლით წარსულში დაბრუნება თუ წინსვლა, აღმშენებლობა და კეთილდღეობა.

ასევე ნახეთ ნიკა მელია: ეს არის სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

როგორც ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ეუბნება რადიო თავისუფლებას - „თუკი ხელისუფლება 30-33-35%-იან მაჩვენებელს მიიღებს, ეს დაანგრევს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ფაქტორს მოსახლეობის წინაშე... და ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ამომრჩეველთა განწყობის ტრანსფორმაციისთვის“.

თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლას გამზარდია მაინც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოელის, თუკი ხალხის პროტესტის მუხტი მაღალი იქნება.

„საერთაშორისო პარტნიორების რეაქციები ყოველთვის არის დაკავშირებული შიდა აქტივობის დონესთან... მხოლოდ შიდა საპროტესტო მუხტის მაღალ მაჩვენებელს შეუძლია საერთაშორისო პარტნიორების უფრო მკვეთრი ნაბიჯების გამოწვევა“, - გვეუბნება არჩილ გამზარდია.

ექსპერტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წრეებში ბოლო დროს სულ უფრო იკიდებს ფეხს მოსაზრება, რომ 2020 წლის სადავო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პროტესტის გრძელი ჯაჭვის გათვალისწინებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება - 43%-იანი ზღვრის მიუხედავადაც.

განსხვავება #3 - მიშა ჩამოდის

8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოდან დევნილმა მესამე პრეზიდენტმა სამშობლოში დასაბრუნებლად სწორედ 2 ოქტომბერი, არჩევნების დღე შეარჩია. როგორც ამბობს, სურს, რომ „რეფერენდუმში“ გამარჯვება ქართველი ხალხის გვერდით იზეიმოს.

„ოცნება“ მსჯავრდებული პრეზიდენტის დასაჭერად ემზადება, ხოლო სააკაშვილი, ერთი შეხედვით, მზად არის ციხეში წასასვლელად.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი სააკაშვილზე: რისი თავი აქვს მაგ საცოდავს?! ასიათასობით გამწარებული ადამიანი დახვდება

ექსპერტები დაძაბულობის რეალურ რისკებს ხედავენ და მით უფრო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების ფონზე, რომ მმართველი პარტია მხარდამჭერების მობილიზაციასაც არ მოერიდება.

ევროპარლამენტარების შეფასებებიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოში დაძაბულობის გამწვავების საფრთხეს ხედავენ და ამ კონტექსტში, ერთ-ერთ რისკფაქტორად მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასაც განიხილავენ.

მარკეტა გრეგოროვა იმედოვნებს, რომ სააკაშვილი საქართველოში „უფრო წყნარად“ ჩამოვა და არ ჩამოვა 2 ოქტომბერს - „როცა ამას ყველა მოელის“.

მარინა კალიურანდი იხსენებს მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგში გამართულ შეხვედრას, როცა ევროპარლამენტარებმა მას სთხოვეს, თავი აარიდოს პროვოკაციებს და „გამოიყენოს საქართველოში არსებული თავისი პოლიტიკური კაპიტალი სიტუაციის დეპოლარიზებისთვის - მშვიდობიანი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის“.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია

29 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი გააბრაზა კიდევ ერთი ევროპარლამენტარის - ვიოლა ფონ კრამონის სიტყვებმა, რომ მისი ჩამოსვლა მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და მეტად დააზარალებს საქართველოს დემოკრატიის „ქართული ოცნების“ მიერ ისედაც შერყეულ იმიჯს.

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ორად იყოფა ოპოზიციონერებისა და ექსპერტების აზრი: ერთნი ფიქრობენ, რომ ჩამოსვლით ის კიდევ უფრო გააცოცხლებს „ოცნების“ მიერ ნაზარდ ორპოლუსიანობის პრობლემას; ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ მისი ჩამოსვლის ცნობით ბრძოლის შემართება განუმტკიცდა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს.