როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე"? - სამუშაოების ნახევარი კვლავ შეუსრულებელია

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "გოცირიძის" დაუსრულებელი სამუშაოების ბოლომდე მისაყვანად ახალ კომპანიას ეძებს. საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალს სამუშაოები 9 თვის წინ, 2021 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა - თუმცა ირკვევა, რომ ნახევარი საქმე ისევ გასაკეთებელია.

თბილისის მერიის შვილობილმა კომპანიამ ტენდერით გამარჯვებული 2020 წელს გამოავლინა და 3 146 983 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 18 ივნისს გააფორმა - სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფო კომპანიამ საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია და 1,6 მლნ ლარზე მეტიც გადაურიცხა.

ასევე ნახეთ მეტროსადგური "გოცირიძე" შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება და გადაიხურება

ამ მოცემულობის მიუხედავად, ჯერ ისევ გადასახურია მეტროსადგურის ბაქანი, არ არის შეღებული რკინის კონსტრუქცია, ჭერზე გასაბმელია ლითონის ბადე, არ არის დაყენებული განათების სისტემა, შესაღებია მეტროსადგურის შიდა სივრცე, გასალესია ფასადი, დასასრულებელია სამუშაო ოთახებისა და სველი წერტილების სარემონტო სამუშაოები და ა.შ.

გარდა ამისა, როგორც სატრანსპორტო კომპანია შესყიდვების სააგენტოს აცნობებს, რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა, რომ აუცილებელია ბაქნის რკინა-ბეტონის ფილები შეცვლა.

"რეაბილიტაციის პროცესში შესწავლილი იყო ბაქნის მდგომარეობა და თავიდან არ გამოკვეთილა სერიოზული დაზიანება. ეს ხარვეზები გამოიკვეთა უშუალოდ გამოვლინდა უშუალოდ ბაქნის ზედა ფენის მოხსნის დროს, ამიტომ საჭირო გახდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვა", - უთხრეს სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას.

დაუსრულებელი სამუშაოების დასამთავრებლად და გამოკვეთილი პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახლა 4 680 284 ლარის დახარჯვას გეგმავს. კომპანია ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით შეირჩევა.

"სატენდერო პროცედურების განხორციელება და გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვს ხანგრძლივ პროცედურებს, მეტროსადგურ "გოცირიძეს" გახსნის სატენდერო პროცედურების გამო კიდევ გახანგრძლივება, გამოიწვევს დედაქალაქის მაცხოვრებელთა და ამავდროულად ტურისტების უკმაყოფილებას", - ასე ხსნის სატრანსპორტო კომპანია გამარჯვებული ტენდერის გარეშე გამოვლენის საჭიროებას.

​სატრანსპორტო კომპანიაში ვერ ამბობენ კონკრეტულ თარიღს, როცა განახლებული მეტროსადგური პირველი მგზავრების მიღებას შეძლებს. შესყიდვების სააგენტოს კომპანიამ აცნობა, რომ ამისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღე დასჭირდება, თუმცა, რადიო თავისუფლებას პრესსამსახურმა უთხრა:

"ველოდებით ოფიციალურ ნებართვას პირდაპირი შესყიდვის შესახებ და ვერ ვაკონკრეტებთ სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადებს".