დეფიციტის მთავარი მიზეზი პანდემიის პერიოდში გაზრდილი ხარჯები და შემცირებული შემოსავლებია, ეს იმის მიუხედავად, რომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით ეკონომიკამ ნელი გამოცოცხლება დაიწყო და ბიუჯეტშიც ამ წლის პირველ 6 თვეში იმაზე მეტი თანხა შევიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.
ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს არ უნდა აჭარებებდეს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი დაშვებულზე ორჯერ მეტია და 7%-ს ცდება. ამავე კანონის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალი არ შეიძლება იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტი. არადა, ბიუჯეტის დეფიციტის შევსების ყველაზე გავრცელებული გზა საგარეო ვალებია. საქართველომ პანდემიისას გაზრდილი საგარეო ვალებითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა სურს მისი ოდენობა წლის ბოლომდე 54,6%-მდე შეამციროს.
ეკონომისტი მიხეილ კუკავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პანდემიის დროს ბიუჯეტის დეფიციტი ლოგიკურია და შეშფოთების საფუძველი არ გახდება, თუკი შემოსავალებსა და ხარჯებს შორის სხვაობა 2022 წლიდან კლებას დაიწყებს. ასეთ დროს მთავრობის მთავარი ამოცანა ხარჯების შემცირებაა.
“მთავრობა უნდა დაფიქრდეს, როგორ შეამციროს დეფიციტი. დეფიციტი არ არის კარგი, ეს დეფიციტი ნამდვილად არის ისტორიული, თუმცა პანდემიის პირობებში ეს შემაშფოთებელი არ არის. მერე თუ არ შემცირდა, 2022 წლიდან შემცირების ტენდენცია თუ ვერ დავინახეთ, ეს უკვე იქნება პრობლემა” - ამბობს მიხეილ კუკავა, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის ეკონომისტი.
პანდემიამ დეფიციტი თითქმის ყველა ქვეყნის ბიუჯეტში გააჩინა. განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებშიც კი პანდემიით გამოწვეული დეფიციტი შესაძლოა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე საქართველოშია. გასათვალისწინებელია ის კანონზომიერება, რომ ძლიერ ეკონომიკებს დეფიციტის დაძლევის და შემცირების მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე საქართველოს მსგავსი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს.
ასევე ნახეთ "სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებს" - ევროკავშირის სესხისა და პრობლემების ჯაჭვის ამბავიდეფიტი არის, მაგრამ ვერ ვიგრძნობ?
დროის მოკლე მონაკვეთში დეფიციტური ბიუჯეტი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თუკი ქვეყანა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობას დაკარგავს დადეფიციტური ბიუჯეტიც გავლენაც იქონიებს მოქალაქეების შემოსავალზე.
“საკრედიტო რეიტინგი გაუარესდება და იმ ფასად ვეღარ ავიღებდით ვალს, როგორც ვიღებდით: გაგვიძვირდება სახსრების მოზიდვა და ეს მოახდენს მოქალაქეებზე გავლენას. აღარც ინვესტორებისთვის იქნება ეს ქვეყანა ისე მიმზიდველი, მთავრობის მიმართ ნდობა შემცირდება თუკი ბიუჯეტში დეფიციტის შემცირებას არ დავიწყებთ და საგარეო ვალს არ შევამცირებთ” - გვითხრა მიხეილ კუკავამ.
ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტებში, გარკვეულწილად 2022-2025 წლების ძირითადი ტენდენციების სცენარს წარმოადგენს, აღნიშნულია, რომ დეფიციტი კლებას 2022 წლებიდან იწყებს.
არსებული ბიუჯეტების და პროგნოზების მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ ასეთი სურათი იხატება:
პანდემიამდე
- 2018 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2,3%
- 2019 წელს 2,1%
პანდემია
- პირველი წელი - 2020 წელს 9,3%-იანი დეფიციტი დაფიქსირდა
- 2021 წლის ბოლოს სავარაუდო დეფიციტი 6,9%-ია
მომავალი 4 წელიწადი ( პოსტპანდემიური პერიოდი)
- 2022 წელს დეფიციტი 4,4%-მდე ჩამოვა
- 2023 წელს ზღვრულ ნორმაზე, 3%-ზე დაბრუნდება
- 2024 წელს დეფიციტი 2,7% უნდა იყოს,
- 2025 წელს 2,5%
იმისათვის, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა შემცირება დაიწყოს, ეკონომიკური ზრდის ტემპი შეუქცევადი უნდა იყოს - საქართველოს მთავრობას ახლა ერთი მხრივ პანდემიის გამო გაზრდილი საგარეო ვალი აქვს შესამცირებელი, მეორე მხრივ ბიუჯეტში გაჩენილი დეფიციტი. 2020 წელთან შედარებით წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი გაზრდილია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა შენელებულია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2021 წლის ბიუჯეტის 6 თვიანი შესრულების ანგარიშის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა განსაზღვროს რომელი ხარჯების შემცირებას აპირებს, ასვე უწყებების მიხედვით უნდა აღნუსხსოს ხარჯები და ამ გზით გამოავლინოს ის არაუცილებელი საჭიროებები, რომლებიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული და რომლებზეც შეიძლება კრიზისის დროს ქვეყანამ უარი თქვას. მაგალითად, ამ დროისთვის, როცა ფინანასთა სამინისტრო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს, მასში ცალ-ცალკე არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ საჯარო უწყებაში რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. ეს კითხვა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასებზე კრიზისის მიუხედავად ყოველწლიურად მზარდია.
საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 45%-ით არის გაზრდილი შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ხარჯები, რაც დაახლოებით 50 მილიონით მეტი ლარის ვალდებულებას ნიშნავს ბიუჯეტში.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით: 2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 27.3 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 47.7 მლნ ლარით მეტია.
“როდესაც მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქვეყანაში პანდემიაა, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების ზრდა თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით” - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ასევე ნახეთ IMF: საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი საფრთხე ვაქცინაციის შეფერხება იქნება