ხელოვნური კუნძული - პროექტი, რომელიც ბათუმის ბუნებრივ კონფიგურაციას ცვლის

“ამბასადორი ჯგუფი” ბათუმის სანაპიროზე ხელოვნური კუნძულის კონტურებს კვეთს. მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ გარემოზე ზემოქმედება შესწავლილი არ არის, პროექტს მხარს უჭერს, ბათუმელების ნაწილი კი შიშით უყურებს იდეას, რომელიც ქალაქს სამუდამოდ შეცვლის.

შპს „ქალაქს პრაქტიკულად, მიწა აღარ დარჩა. ეს კი იქნება ახალი ტერიტორია, განვითარების ახალი ზონა“, - ასე ხედავენ ბათუმის მომავალს კომპანია „ამბასადორ ბათუმი აილენდში“, რომელსაც შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის შესაქმნელად გადაეცა 90 ჰექტარი ტერიტორია. ის მოიცავს ბარცხანისა და თამარის დასახლების ორკილომეტრიან სანაპირო ზოლს.

შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ (ეს კომპანია სპეციალურად ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის შეიქმნა 2021 წლის ზაფხულში) პროექტს „ამბასადორი ჯგუფი” აფინანსებს, რომელიც საქართველოში არაერთ სასტუმროს ფლობს, მათ შორის თბილისსა და კაჭრეთში.

კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმს 28 სექტემბერს, ბათუმში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და კომპანია „ამბასადორ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა თორნიკე ქებურიამ.

ვიცით, როგორ შეცვლის ხელოვნურ კუნძული გარემოს?

„ამბასადორ ბათუმი აილენდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ფრიდონ ქათამაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელოვნური კუნძული ზღვაში 50-60 ჰექტარზე შეიჭრება:

„პირველი ეტაპის კვლევებით დადგინდა, რომ ეს ზღვისპირა ზონა - ბარცხანა-ბენზეს ტერიტორია - ყველაზე მდგრადია. აქ ყველაზე ნაკლებადაა აგრესიული ტალღის ზემოქმედება, წყალმარჩხშია, ნაკლებად ეროზიული და ამიტომ გადაწყდა სწორედ ამ ადგილზე ამ პროექტის განხორციელება. წინასწარი კვლევები უკვე ჩატარებულია“.

თუმცა მთავარი - გარემოზე ზემოქმედების, გეოლოგიური და ბათიმეტრიული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. ფრიდონ ქათამაძე დარწმუნებულია, რომ ზღვაში ხელოვნური კუნძული 4 წელიწადში გაშენდება, 7-8 წელიწადში კი კუნძული დასახლდება - დასრულდება შენობა-ნაგებობების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა:

„ქალაქს, პრაქტიკულად, მიწა აღარ დარჩა. ეს კი იქნება ახალი ტერიტორია, განვითარების ახალი ზონა, იქნება საზოგადოებრივი წვდომის ტერიტორია. მალე დავიწყებთ ტექნიკურ პროცესს. ეს იქნება შესწავლა, ბათიმეტრიის გადამოწმება. ასევე, გეოლოგიური კვლევების ჩატარება და საბოლოო დასკვნების შემდეგ, ალბათ, 6-7 თვეში დავიწყებთ სამშენებლო პროცესს. გარემოზე ზემოქმედების შესწავლა პარალელურად განხორციელდება“ .

Your browser doesn’t support HTML5

ხელოვნური კუნძული - პროექტი რომელიც ბათუმის ბუნებრივ კონფიგურაციას ცვლის

პროექტის ინვესტორი ამბობს, რომ კუნძულზე გაშენდება ფეშენებელური სასტუმროები, ვილები, აპარტამენტები, ბულვარი; იქნება საზოგადოებრივი პლაჟებიც. ქებურია აცხადებს, რომ „პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერა“.

მთავრობის მხარდაჭერა

საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ადგილობრივ მთავრობებში ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბიციურს და განხორციელებადს“ უწოდებენ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტიციის საერთო მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარი იქნება და ინვესტორი თავის თავზე იღებს ყველა რისკს და ხარჯს.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელებაზე უკვე დარწმუნებით საუბარი, მაშინ როცა მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის აუცილებელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და გეოლოგიური და სხვა კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თურნავამ უპასუხა, რომ საკმაოდ წინ წავიდა მსოფლიო ტექნოლოგიები და ამ თვალსაზრისით ინვესტორს არ გაუჭირდება უახლესი ტექნოლოგიური მონაპოვარი გამოიყენოს:

„თუმცა ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, იმიტომ რომ ეს არის ტექნიკურად საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტი, თავისი გარემოსდაცვითი ასპექტებიც ექნება, ამიტომ მთავრობა საკმაო დროს აძლევს ინვესტორს დეტალური კვლევა დადოს ყველა თავისი ასპექტით. მერწმუნეთ, ინვესტორი, რომელსაც თავად მოაქვს 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ეს მათი ფულია და, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად გაიაზრებს ამ რისკებს და არასოდეს ჩადებს ამხელა ინვესტიციას სარისკო პროექტში“ .

ბარცხანა-თამარის დასახლების სანაპირო, რომლის პერიმეტრზე უნდა გაშენდეს კუნძული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მთავრობამ ხელოვნური კუნძულის პროექტის შესახებ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო. „რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო უწყება ჩართული იქნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს დათქმულ ვადებში. შეიქმნება 2 ათასი ახალი სამუშაო ადგილი“, - უთხრა 28 სექტემბერს მედიას თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

რადიო თავისუფლების შეკითხვას, ექნება თუ არა პროექტს ბათუმელების მხარდაჭერა, მაშინ როცა ადგილობრივი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი აპროტესტებს ბათუმის ბულვარის შუაგულში „ამბასადორის“ მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას, რიჟვაძემ უპასუხა, რომ ბათუმელების განწყობა ძალიან კარგად იციან:

ასევე ნახეთ „ცის ფონზე მოცულობის გაუჩინარება,“ თუ ბათუმის ბულვარზე დარტყმა ბეტონით და შუშით?

„ყველაზე მეტად ვინც დაიბოღმა, ალბათ, თქვენი რამდენიმე კოლეგა და ნაცმოძრაობის რამდენიმე „აპოგელეტია“, ამიტომ, ამ კუთხით რა თქმა უნდა, ვერ განვავითარებთ მსჯელობას. ზღვაში შენდებოდეს ახალი კუნძული ინვესტორის რისკით და ხარჯით და ეს არ მოსწონდეს ვინმეს, ეს დაუჯერებელია. ალბათ, ეს შეიძლება სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენთან მოხდეს. თუმცა ყველაფერს დავაკვირდებით და ვნახავთ“.

რა ვიცით „ამბასადორ ჯგუფის“ შესახებ?

„მე ერთი რამ ვიცი, თუ ეს აშენდება ბარცხანელები თავის ზღვის სანაპიროზე ვეღარ ითევზავებენ“, - თქვა ბათუმელმა კაცმა, რომელიც მთავრობასა და „ამბასადორ ჯგუფს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას პოლიციის კორდონს მიღმა, ქუჩიდან ადევნებდა თვალს. ოფიციალური ცერემონია ბარცხანის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ჩატარდა.

დისკუსია ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე ჯერჯერობით სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. ბათუმელების ნაწილის პროტესტი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პროექტს, რომელმაც სანაპიროს ნაწილი მთლიანად უნდა აითვისოს და ქალაქის ბუნებრივი კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეცვალოს, „ამბასადორი ჯგუფი“ ახორციელებს.

ასევე ნახეთ „ბულვარის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა“

ეს კომპანია 16-სართულიან სასტუმროს აშენებს ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, 150 წლის ბულვარის შუაგულშიც. ამ მშენებლობას არაერთხელ მოჰყვა ბათუმელების მწვავე პროტესტი და აქციები, თუმცა უშედეგოდ. გასულ კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ სასტუმროს მშენებლობის ოფიციალური ნებართვის პირობებიც დაარღვია და უკანონოდ, უკვე მე-17 სართულს აშენებს.