შალვა პაპუაშვილი არ ელის, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდში არ არსებობს მოლოდინი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ის არც საერთაშორისო პარტნიორებისგან ელის აქტიურობას მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იმ შემთხვევაში, თუკი 2 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა და მას დააკავებენ.

"არ მგონია, რომელიმე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს მკვლელობისა და ცემის საქმეში მსჯავრდებული ადამიანის საპატიმროდან დახსნაში ჩარევის სურვილი ჰქონდეს.

საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას სამი წელი აქვს მისჯილი. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს ექვსი წელი. გარდა ამისა, სასამართლო განხილვის პროცესშია 8 მილიონის გაფლანგვისა და „იმედის" საქმე. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვისაც ექნება კითხვის ნიშანი, უნდა აღსრულდეს თუ არა სანდრო გირგვლიანისა და ვალერის გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები", -
განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, 29 სექტემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააჟღერა. მისი თქმით, პროკურატურაში "ტოპ" პროკურორებს ახალი სისხლის სამართლის საქმეების მომზადება დაავალეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუკი მოქმედი პრეზიდენტი ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ მას შეიწყალებდა.

ასევე ნახეთ მელიას ინფორმაციით, „ოცნება“ სათადარიგო გეგმას ამზადებს თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების დღეს გეგმავს.

დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე კი 3 წელი აქვს მისჯილი.