„უკრაინის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ძირს უთხრის ჩვენი სახელმწიფოსა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხოლო უნგრეთის მიერ „გაზპრომთან“ ხელმოწერილი შეთანხმება სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობას. უკრაინული მხარე გადამჭრელ ზომებს მიმართავს თავისი ნაციონალური ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე ნახეთ უნგრეთი კიევისგან პასუხს ითხოვს „გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტის ბლოკირების მცდელობისთვისრუსეთის გიგანტურ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომსა“ და უნგრეთის ენერგეტიკულ ჯგუფ MVM-ს შორის 27 სექტემბერს ხელი მოეწერა გრძელვადიან შეთანხმებას, რომლითაც უნგრეთი რუსეთიდან ყოველწლიურად შეიძენს 4,4 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს.
გარდა იმისა, რომ ეს გარიგება ფინანსურად დააზარალებს უკრაინას, დამოუკიდებელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრმა უნგრეთმა ამ ნაბიჯით ზურგში ლახვარი ჩაასო უკრაინას, რომელიც ევროპის ფორპოსტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ფლანგზე.
„კრემლის სასარგებლოდ“ მიღებული გადაწყვეტილება
უნგრეთი ზაფხულიდან ათანხმებდა რუსეთთან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების განახლებულ კონტრაქტს, რომელსაც 27 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი.
ამ დღისათვის ბუდაპეშტში საგანგებოდ ჩავიდა ალექსეი მილერი, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გიგანტური კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი.
„გაზპრომსა“ და უნგრეთის ენერგეტიკულ ჯგუფ MVM-ს აღმასრულებლებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში და 15 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს უნგრეთის უწყვეტ მომარაგებას რუსული ბუნებრივი აირით.
„უნგრეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. გაზის მიწოდება მოხდება გაზასადენის „სამხრეთის ნაკადის“ განშტოებით და, შესაბამისად, უკრაინა არა მხოლოდ ტრანზიტით მიღებულ შემოსვლებს დაკარგავს, არამედ იგი დაკარგავს შესაძლებლობას, შეავსოს უკრაინული გაზ-სატანსპორტო სისტემა და, ამრიგად, გაუარესდება მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.
ახალი კონტრაქტით უნგრეთი რუსეთიდან ყოველწლიურად შეიძენს 4,4 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რისთვისაც ორი მარშრუტი იქნება გამოყენებული: 3,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს უნგრეთი სერბეთის, ხოლო 1 მილიარდს - ავსტრიის გავლით მიიღებს.
შეთანხმების ტექსტში არსებობს დათქმა, რომლის თანახმად, მხარეები ბუნებრივი აირის რაოდენობას 10 წლის შემდეგ გადახედავენ.
ასევე ნახეთ უნგრეთმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი რუსულ კომპანია „გაზპრომთან“უნგრეთი რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მხრივ უკრაინაზე გამავალ გაზსადენზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ბოლო ხანს ბუდაპეშტმა მოახდინა გაზის იმპორტის დივერსიფიცირება და გახსნა ტრანსსასაზღვრო მაგისტრალები მეზობლებთან. კერძოდ, ხორვატიაზე გამავალი ტერმინალით უნგრეთმა უზრუნველყო Royal Dutch Shell-ისგან ბუნებრივი აირის მიღება.
უკრაინა კვლავინდებურად აცხადებს, რომ უნგრეთისათვის სამომავლოდაც ხელსაყრელია ბუნებრივი აირის ტრანზიტი უკრაინის განტოტვილი გაზ-სატრანსპორტო სისტემით, რომელიც უმოკლესი გზით, შეუფერხებლად უზრუნველყოფს ბუნებრივი აირით ევროპის მომარაგებას. მაგრამ ბუდაპეშტმა უკვე სხვა გზა აირჩია.
„ამას მივიჩნევთ პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაუსაბუთებელ, კრემლის სასარგებლოდ და უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებად, რომელიც არ შეესაბამება უკრაინასა და უნგრეთს შორის კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ, 1991 წლის 6 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების პრინციპებს“, - განაცხადა 27 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც აპირებს ევროკომისიას სთხოვოს, შეისწავლოს, თუ რამდენად შეესაბამება ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას უნგრეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება.
თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, „უნგრეთის სუვერენიტეტის სერიოზულ ხელყოფას“ შეადარა უკრაინის მცდელობა, ხელი შეუშალოს რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ დადებული გარიგების რეალიზებას და 28 ოქტომბერს საგარეო უწყებაში დაიბარა უნგრეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
არცთუ უღრუბლო ურთიერთობა
უნგრეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური დაპირისპირება არახალია.
ორი წლის წინ ბუდაპეშტმა დაბლოკა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება უკრაინის თაობაზე. იმხანად ბუდაპეშტმა წამოაყენა რამდენიმე წინადადება, რომლებიც უკრაინას დაავალდებულებდა, ყურადღება მიექცია უნგრული თემის უფლებებისთვის კარპატისპირეთში. ეს წინადადებები კიევმა არ მიიღო. ამის შედეგად უნგრეთმა დოკუმენტს ვეტო დაადო.
„ჩვენ არ ვართ მზად, მსხვერპლად შევწიროთ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები 150 ათასი ეთნიკური უნგრელის ინტერესები“, - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ მაშინ.
ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინამ მიიღო კანონი ენის შესახებ და ერთადერთ სახელმწიფო ენად იქცა უკრაინული ენა გამოაცხადა. ბუდაპეშტი მიიჩნევს, რომ კანონი ლახავს 150 ათასი ეთნიკური უნგრელის უფლებას, რომლებიც იმიერკარპატებში ცხოვრობენ, და მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეთნიკურ უნგრელებს შეუნარჩუნდეთ სკოლებში საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება, რასაც მხარს ვენეციის კომისიაც უჭერს.
ასევე ნახეთ ბუდაპეშტმა დაბლოკა ნატოს განცხადება უკრაინის თაობაზე„აღსანიშნავია, რომ უკრაინა შეეცადა უნგრეთთან საერთო ენის გამონახვას იმ საკითხში, რომელიც ბუდაპეშტის გაღიზიანებას იწვევს და უკვე გაიამართა მოლაპარაკების არაერთი რაუნდი პრეზიდენტ ზელენსკის თავმჯდომარეობით. მაგრამ ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა“, - ამბობს ევჰენ მაგდა.
2020 წლის 26 ოქტომბერს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უნგრეთის ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც, კიევის თანახმად, ადგილობრივი არჩევნების წინ კარპატისპირეთში კომპაქტურად მცხოვრებ უნგრელებში აგიტაციას ეწეოდნენ.
„არასწორია, რომ ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა სურს, მიზანში ჰყავდეს ამოღებული ნატოს ერთ-ერთ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ეროვნული უმცირესობა“, - განაცხადა მაშინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე ნახეთ უნგრეთი განარისხა უკრაინაში უნგრეთის კულტურული ასოციაციის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულმა ჩხრეკამუკრაინაში მიაჩნიათ, რომ „გაზპრომთან“ 27 სექტემბერს გაფორმებული გრძელვადიანი შეთანხმებით ნატოს და ევროკავშირის წევრმა უნგრეთმა მეზობელ უკრაინას მძიმე დარტყმა მიაყენა.
„გასაგებია, რომ ვიქტორ ორბანი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ავითარებდა განსაკუთრებულ ურთიერთობებს ვლადიმირ პუტინთან. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ უნგრეთი წავიდოდა მსგავს ნაბიჯზე და, ფაქტობრივად, ზურგში ლახვარს ჩაასობდა უკრაინას. ეს არ არის იმ სოლიდარობის გამოხატულება, რომელიც უნგრეთს, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის სახელმწიფოს, უნდა გააჩნდეს რუსეთისადმი, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას ეწევა უკრაინის მიმართ და დონბასში უკრაინის მოქალაქეებს ხოცავს. ამიტომ უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობა სეროზულად გაცივდება და ვფიქრობ, რომ უნგრეთთან საერთო ენის გამონახვა უახლოეს მომავალში კიევისათვის უკიდურესად გართულდება“, - ასკვნის ევჰენ მაგდა.
უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით, უნგრეთსა და რუსეთს შორის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებისათვის დაიბარა უკრაინაში უნგრეთის ელჩი.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პროტესტის ნიშნად გაურკვეველი დროით გადაიდო ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საკითხების გარშემო შექმნილი უკრაინა-უნგრეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მეხუთე სხდომა, რომელიც 29-30 სექტემბერს ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო.