თბილისში წლების განმავლობაში ასეულობით ოჯახი ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი თავის კუთვნილი ბინის აშენებას წლები ელოდება. ამ პრობლემების მოგვარებაზე დაპირება არაერთხელ გაისმა - თბილისში უკვე განახლდა მშენებლობა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად.
ასევე ნახეთ კორპუსი 327 - 13-სართულიანი შენობა, რომელიც არ არსებობს2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისი ახალ მერს ირჩევს. საბინაო პოლიტიკაზე Partiebi.ge-მ მერობის ხუთი კანდიდატის გეგმებს მოუყარა თავი, რადიო თავისუფლება კი გთავაზობთ მათ.
ასევე ნახეთ ვინ იცხოვრებს ახალ სახლში - რატომ არის თბილისში ცარიელი კორპუსებიკახა კალაძე - ქართული ოცნება
თბილისის მოქმედი მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ამბობს, რომ თბილისში მასშტაბური პროექტი იწყება, რომლითაც იგეგმება ავარიული შენობების ჩანაცვლება. ამ პროგრამის დაწყების თარიღად 2022 წელია მითითებული - იგეგმება ყველა კორპუსის ჩანაცვლება, რომლის ექსპლოატაციის ვადა გასული აქვს და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი.
თუ კალაძის ეს დაპირება შესრულდება, პროგრამას მერია დააფინანსებს და ამისთვის საჭირო იქნება ყველა მესაკუთრის თანხმობა, მათ კი უკან გარემონტებული საცხოვრებელი ფართები ჩაბარდებათ;
მშენებლობის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მაცხოვრებლების ქირით გაყვანას თბილისის მერია დააფინანსებს.
"ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, არსებული შენობების კონტური არ გაიზრდება, რათა არ მოხდეს ურბანული სივრცეების ზედმეტად ათვისება. ასევე, არ დაიშვება სიმაღლეების არაგონივრული მატება, რაც საშუალოდ 5-სართულიანი შენობების ნაცვლად, საშუალოდ 8-სართულიან შენობებს გულისხმობს", - ვკითხულობთ Partiebi.ge-ზე.
აქვე აღნიშნულია, რომ ახალაშენებულ კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა.
თუ პროექტი ამ სახით შესრულდება, მერობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ ქონების ღირებულება 60-70%-ით გაიზრდება და შენობები ენერგო-ეფექტური იქნება.
კახა კალაძის თბილისის მერად მუშაობის დროს განახლდა მიტოვებული მშენებლობების ნაწილი. მათ შორის "ცენტრ პოინტ ჯგუფის" კუთვნილ ნაგებობებში. ამ კომპანიისგან ბინები მოსახლეობამ წლების წინ იყიდა, თუმცა ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.
ნიკა მელია - ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია
საბიუჯეტო თანხებით ავარიული შენობების გამაგრებას გეგმავს თბილისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან". იმის გამო, რომ სახელმწიფოს ფული დაიზოგოს, ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობა მას მნიშვნელოვანი ჰგონია.
ამ საკითხის გადაჭრისთვის მას მნიშვნელოვანი ჰგონია:
- რკინიგზა უნდა გადავიდეს არსებული ტერიტორიიდან - საცხოვრებელი გარემო გახდება უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი, უძრავი ქონება - ინვესტორთათვის მიმზიდველი;
- ავარიული შენობების ადგილზე საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.
გიორგი გახარია - საქართველოსთვის
პარტია თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს ქალაქის ურბანული იერსახის გაუმჯობესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით დაუმთავრებელი შენობების დასრულებას. გარდა ამისა, გეგმების ჩამონათვალში შედის 200-მდე ნგრევადი საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია-განახლება.
გიორგი გახარია მერად არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის სრულად დაკმაყოფილებას.
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის
ლელოს მერობის კანდიდატი გეგმავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო რეგულაციები მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული გახდეს. ამ პროგრამის ფარგლებში პარტია გეგმავს, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტების გადამოწმების უფლება მერიის ნაცვლად დამოუკიდებელ სააგენტოს გადაეცეს.
მერობის ამ კანდიდატის გეგმებში მოხვდა თბილისში მდებარე მიტოვებული ინდუსტრიული დანიშნულების შენობები (ქარხნები). მერობის კანდიდატი გეგმავს, რომ ეს სივრცეები საზოგადოებრივი და კულტურული დანიშნულების წერტილებად გადააქციოს.
"ქალაქის მაღალი კულტურული ფასეულობის ზონებში და ახალი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობის წინა პერიოდში მოხდება მაცხოვრებელთა ინტერესების გათვალისწინება და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი შემუშავდება... მაღალსართულიანი და მასიური მშენებლობები მთლიანად გადაინაცვლებს ქალაქის ახალ ცენტრებში და ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი პროცესები აიკრძალება", - ვკითხულობთ Partiebi.ge-ზე.
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა
შედარებით მოკრძალებული ხედვა აქვს მესამე ძალის თბილისის მერობის კანდიდატს თამარ კეკენაძეს. მას მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს მშენებლობის სტიმულირების გეგმა, რომელიც კვლევებზე დაყრდნობით განსაზღვრავს, რა უნდა გაკეთდეს დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად და მოქალაქეთა დასაკმაყოფილებლად. იგივე ხედვა აქვს მას ავარიული შენობების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს - ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს