„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. სისხლიან ბანერებზე გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული 10-დღიანი ვადა. ნინო დოლიძის თანახმად, ეს ვადა დღეს, 28 სექტემბერს იწურება.
მისივე თქმით, თუკი ცესკოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელი იქნება, სამართლებრივი მექანიზმი საჩივრის სასამართლოში წაღებაა, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ ცესკომ გადაწყვეტილების მიღება დროში გააჭიანურა:
„უბრალოდ გვეგონა, რომ ცოტა უფრო მალე მოგვაწვდიდა, რომ არჩევნების დღეს სასამართლოში არ მოგვწეოდა ამის გასაჩივრება. 3 დღეში არჩევნებია და ჩვენ ორდღიანი ვადა გვაქვს და ფიზიკურად არჩევნების დღეს შესაძლოა არ გვეცალოს სასამართლოში ბანერების ქეისის წაღება და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ცესკოს რომ ადრე განეხილა ეს საჩივარი, უკეთესი იქნებოდა და წაადგებოდა პროცესებს“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
იგი არ ეთანხმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „სისხლიანი ბანერების“ რეგულაციის საკითხი შესაძლოა არ შედიოდეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაში. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „სისხლიანი ბანერების“ საკითხზე მიმდინარე მოკვლევის მიზანი სწორედ იმის დადგენაა, შეუძლია თუ არა მის ჩამოსახსნელად რეაგირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი შარაბიძემ 23 სექტემბერს გამოთქვა მოსაზრებაც, რომ საქმე შესაძლოა გვქონდეს პრეცედენტთან, რომელიც კანონით არ რეგულირდება, ნინო დოლიძე კი მიიჩნევს, რომ „სისხლიანი ბანერების“ საჩივარზე რეაგირება ცესკოს არსებული კანონმდებლობის ჭრილში შეუძლია.
„სხვათა შორის მქონდა მოლოდინი, რომ ცესკოს ასე არ განეხილა და ეთქვა, რომ ინდივიდუალურად ადამიანმა გააკეთა და არ არის პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს მოლოდინი გვქონდა, როდესაც საჩივარი შეგვქონდა ცესკოში. სწორედ ამიტომ მივმართეთ აუდიტის სამსახურსაც, რომ თუ ცესკოსგან ეს პასუხი მოვიდოდა, ამ შემთხვევაში მექანიზმი არის ის, რომ აუდიტის სამსახურმა გამოიკვლიოს, ფინანსურად რა დაჯდა ეს ბანერები და ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც თავის თავზე აიღო“, - განაცხადა ნინო დოლიძემ რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებგვერდის www.partiebi.ge-ს პრეზენტაციაზე. მისი განმარტებით, აუდიტის სამსახურიდან ელიან ასევე პასუხს კითხვაზე, რომელი პარტიის შემოწირულებად ჩაითვალა „სისხლიანი ბანერები“ და „შემთხვევით“ კანონით გათვალისწინებულ 60 000 ლარზე მეტი ხომ არ დაიხარჯა.
„სამართლიან არჩევნებს“ „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით ამ ეტაპზე პასუხი არც აუდიტის სამსახურიდან მიუღია და არც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან.
ასევე ნახეთ ცესკომ "სისხლიანი ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო ასევე ნახეთ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე „სისხლიან ბანერებზე“: განვიხილავთ არის თუ არა მასზე რეაგირება ჩვენი კომპეტენციათითქმის ორი კვირაა, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსდა „სისხლიანი ბანერები“ მოწოდებით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერებზე სისხლის შხეფების ფონზე გამოსახულები არიან ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, გიგა ბოკერია, ზურაბ გირჩ ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი გახარია, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანერები ბიზნესმენ მიხეილ გაბრიაძის დაკვეთით განთავსდა.
ბანერების ჩამოსახსნელად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესის დარღვევის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და პოლიტიკურმა პარტიამ "დროა". ამავე მოთხოვნით ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.
სარეკლამო კომპანია „ალმა“, რომელსაც თბილისის მერიისგან მინიჭებული ლიცენზიით უფლება აქვს, რომ ბანერები გააკრას ქალაქში, ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათ ბილბორდებზეა გაკრული. „სისხლიანი ბილბორდების“ ნაწილმა ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები ჩაანაცვლა, რამაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.