საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ „სისხლიანი ბანერების“ საკითხზე მიმდინარე მოკვლევის მიზანი იმის დადგენაა, მასზე რეაგირება ექცევა თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციის ქვეშ. გადაცემაში მან თქვა, რომ ამ ეტაპზე შეფასებებში შეზღუდულია, თუმცა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქმე შესაძლოა გვქონდეს პრეცედენტთან, რომელიც კანონით არ რეგულირდება.
„თუ კანონი დაფარავს, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. მოკვლევა მიდის და ეს მოკვლევა გამოიკვლევს, რა თქმა უნდა, არის თუ არა კანონის საფუძვლები იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს რეაგირება, ამ შემთხვევაში ერთ ინსტიტუციას“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ, რომლის თქმითაც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი კანონმდებლობით არც ერთი ინსტიტუციის კომპეტენციის ქვეშ არ იყოს მოქცეული.
"თუ ეს საქმე, ეგრეთ წოდებული მოკვლევა, ამ საქმის ნებისმიერი დასასრული გამოავლენს ან კანონში ხარვეზს, ან დამატებითი რეგულაციის საჭიროებას, მე ვფიქრობ, რომ თავისთავად ფაქტი იმსახურებს იმას, რომ მომავალში ეს იყოს დარეგულირებული", - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ "დილის საუბრებში".
გიორგი შარაბიძის განმარტებით, „სისხლიანი ბანერების“ საკითხის მოკვლევას ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტი აწარმოებს და იგი რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა დამთავრდეს.
ბოლო რამდენიმე დღეა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსდა "სისხლიანი ბანერები", რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულები. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანერები ბიზნესმენ მიხეილ გაბრიაძის დაკვეთით განთავსდა.
ბანერების ჩამოსახსნელად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესის დარღვევის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და პოლიტიკურმა პარტიამ "დროა". ამავე მოთხოვნით ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.
სარეკლამო კომპანია "ალმა", რომელსაც თბილისის მერიისგან მინიჭებული ლიცენზიით უფლება აქვს, რომ ბანერები გააკრას ქალაქში, ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათ ბილბორდებზეა გაკრული. "სისხლიანი ბილბორდების" ნაწილმა ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები ჩაანაცვლა, რამაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.