დავით ზალკალიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: პარტნიორებმა ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად უნდა უთხრან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია და საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ის არ დაუზიანებია. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ საკითხს... მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში გახლდით, იქიდან თვალს ვადევნებდი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ასევე [ევროკავშირის ელჩთან] კარლ ჰარცელთან მქონდა კომუნიკაცია. რადგან პარტნიორები ვართ, აუცილებელია, რომ ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად ვუთხრათ. როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია. როცა ეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეც აღსანიშნავია.

ისინიც აუცილებლად ადეკვატური უნდა იყვნენ მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ეს მხარე ამ შემთხვევაში არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას კარგად ხედავენ და დააფასებენ. ყველაფერი იქნება გამოხატული საბოლოო დასკვნაში, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ“, - განაცხდა დავით ზალკალიანმა.

23 სექტემბრებს ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ქცევის შეფასებას ევროკავშირის ელჩისგან კულტურის მინისტრი თეა წულუკინი მოითხოვდა.

„ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია “ქართულ ოცნებასთან”. აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს, ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა”, - განაცახდა თეა წულუკიანმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა კი, ელჩის განცხადების შემდეგ აღნიშნა: "წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია, როგორც მე მივხვდი ამ განცხადებიდან".

ევროკავშირის ოფისის წინ განვითარებულ მოვლენებზე ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი 24 სექტემბერს საელჩომ გაავრცელა.

ასევე ნახეთ კარლ ჰარცელი ევროკავშირის ოფისის წინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილის თქმით,  სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია

ელჩის თქმით, წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ შეაშფოთა. მან დაგმო ძალადობა და ასევე დასძინა, რომ მიესალმება დაპირისპირების შემდგომ ერთ–ერთი მხარის ბოდიშს საზოგადოების წინაშე.

მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან 23 სექტემბერს მოხდა. "შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა. დაპირისპირებული პარტიების ლიდერებმა ერთმანეთს სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართეს.

23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან პოლიტიური პარტიების წარმომადგენელთან შეხვედრები გაიმართა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ირაკლი კობახიძემ შეხვედრა დატოვა, ნიკა მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით თქვა, რომ სურს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს სიტყვებისთვის, რომლებიც მისგან მოისმინეს.

ასევე ნახეთ კობახიძე: საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელებიც დღეს ჩემგან მოისმინა

რაც შეეხება დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე ბრალდებულ დავით დაუთაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

დავით დაუთაშვილი „ქართული ოცნების“ დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.

ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში მიხეილ დაუთაშვილმა თქვა, რომ შვილი პოლიციაში თავად მიიყვანა, რათა მომხდარზე პასუხი აგოს, ამასთან განმარტა, რომ დავით დაუთაშვილი მომხდარის დროს აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შეკითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის კანდიდატურა მომხდარის შემდეგ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა - „კანდიდატი რა შუაშია? თუ არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი“.