საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი.
„წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია, როგორც მე მივხვდი ამ განცხადებიდან. საუბარია, თითქოს პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ნიკა მელია პირდაპირ მიეჭრა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის კომენტარს აკეთებდა და მიეჭრა ორჯერ - შემდეგ როცა მან მანქანისკენ გადაინაცვლა. ამიტომ, სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციებისა. რაც შეეხება, ზოგადად იქ, უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო. ინციდენტის ინიციატორი ვინც იყო იქ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია“, - თქვა პაპუაშვილმა.
ელჩის განცხადებით, წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ შეაშფოთა.
„ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.
ნება მომეცით გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება", - განაცხადა ჰარცელმა.
მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან 23 სექტემბერს მოხდა.
"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა. დაპირისპირებული პარტიების ლიდერებმა ერთმანეთს სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართეს.
23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან პოლიტიური პარტიების წარმომადგენელთან შეხვედრები გაიმართა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ირაკლი კობახიძემ შეხვედრა დატოვა, ნიკა მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით თქვა, რომ სურს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს სიტყვებისთვის, რომლებიც მისგან მოისმინეს.
რაც შეეხება დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე ბრალდებულ დავით დაუთაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
დავით დაუთაშვილი „ქართული ოცნების“ დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.
ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში მიხეილ დაუთაშვილმა თქვა, რომ შვილი პოლიციაში თავად მიიყვანა, რათა მომხდარზე პასუხი აგოს, ამასთან განმარტა, რომ დავით დაუთაშვილი მომხდარის დროს აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეკითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის კანდიდატურა მომხდარის შემდეგ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა - „კანდიდატი რა შუაშია? თუ არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი“.