უდარაჯო დარაჯები - საახალწლოდ სუს-ი ინტერნეტზე “ტოტალურ კონტროლს” მიიღებს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება მეზობლებთან შედარებით დაცულია. მაგრამ სახელმწიფო მოქალაქეებს კვლავ დაუბრკოლებლად უთვალთვალებს, საახალწლოდ კი სუს-ის უკონტროლო ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება.

უპირობო წვდომა საჯარო მოხელეების, და გამარტივებული წვდომა ნებისმიერი მოქალაქის პირად მონაცემებსა და მიმოწერაზე - ამ და ბევრ სხვა უფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 30 დეკემბრიდან მიიღებს. როგორ გამოიყენებს ამ უფლებებს? ეს ძირითადად სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ოტა) გადასაწყვეტი იქნება.

ძალოვანი უწყების უფლებამოსილება გაიზრდება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში 11 ივნისს შესული ცვლილებების შედეგად.

„ამ კანონით რადიკალურად იცვლება კიბერუსაფრთხოების არქიტექტურა ქვეყანაში. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ხდება მაკოორდინირებელი და ზედამხედველი უწყება”, - ამბობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსი თეონა ტურაშვილი. იგი განმარტავს, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

IDFI, ბევრ სხვა ორგანიზაციასთან ერთად, მიუთითებს, რომ ცვლილებების შინაარსი ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც, რადგან ლახავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლებას. დიდ „ოფლაინ” ძალაუფლებასთან ერთად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, სუს-ს ხელში ინტერნეტის „ტოტალური კონტროლი” ჩაუვარდება.

თავისუფლება პრობლემების ფონზე

ამ და სხვა პრობლემების შესახებ საუბარია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ინტერნეტთავისუფლების ანგარიშში.

2021 წელს საქართველომ 100-დან 77 ქულა მოაგროვა და ციფრულ სამყაროში თავისუფალი ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა. მეზობლებისგან განსხვავებით, საქართველოში ადამიანებს არ აპატიმრებენ ფეისბუკპოსტების გამო და არ იბლოკება ხელისუფლებისთვის არასასურველი ვებგვერდები, მაგრამ ინტერნეტთავისუფლება საფრთხეშია:

ორგანიზაცია წერს: - ჰაკერები თავს ესხმიან მედიასაშუალებების და სამოქალაქო ორგანიზაციების საიტებს, ქვიარ ადამიანებს ციფრულ სივრცეში (ისევე, როგორც რეალურში) ხშირად დევნიან. ამასთან, ანგარიშში ნავარაუდებია, რომ დიდ ბრიტანეთში საელჩოს თანამშრომლის, გიორგი ფანიაშვილის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლება ზრდის თვითცენზურას საჯარო მოხელეებს შორის.

ასევე ნახეთ დიპლომატი მედიაში თვალსაზრისების გამოქვეყნების შემდეგ გაათავისუფლეს

ამასობაში, საქართველოს სახელმწიფო თავს ვერ იცავს კიბერთავდასხმებისგან. ამის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია 2020 წელს ჰაკერული თავდასხმები ჯანდაცვის სამინისტროზე, ლუგარის ლაბორატორიასა და ცესკოზე.

უდარაჯო დარაჯები

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულებების და ინტერნეტპროვაიდერების კონტროლი საჭირო იმიტომაა, რომ ისინი „კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტებია”.

თეონა ტურაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეირჩა ისინი და რატომ არ შედის მათ რიცხვში, მაგალითად, თელასი ან წყალმომარაგების კომპანია?

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებების მოტივი ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უკეთ დაცვაა. მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ - პრობლემა იმაშია, რომ ონლაინდარაჯებს ვერავინ უდარაჯებს.

თავად ოტა-ს ვინ გააკონტროლებს, ვინ განსაზღვრავს, რისი ნახვა შეუძლია და რისი არა? „ვერავინ, - გვპასუხობს თეონა ტურაშვილი, - კანონში არ არის გაწერილი, თუ რა ტიპის ანგარიშვალდებულება ექნება [ოტა-ს] სხვა უწყებებისადმი”. „თამაშგარე მდგომარეობაშია” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, რომელსაც პირდაპირ ევალება პერსონალური მონაცემების დაცვა.

ანუ, სურვილის შემთხვევაში, ძალოვნებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ, წაიკითხონ, მაგალითად, რომელიმე მოსამართლის ელექტრონული ფოსტა და გააკონტროლონ, რა საიტებზე გადადის ის სამუშაო კომპიუტერიდან.

ინტერნეტპროვაიდერის ქსელსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომისთვის სპეცსამსახურებმა ჯერ ინციდენტი უნდა დააფიქსირონ. პროვაიდერს შეუძლია, ოტა უარით გაისტუმროს, მაგრამ ოტა-ს საპასუხოდ შეუძლია, იგი დააჯარიმოს.

თეონა ტურაშვილს მიაჩნია, რომ ეს ბერკეტი უმარტივებს სპეცსამსახურებს თანხმობის მიღებას. თანაც, მკაფიო განმარტების გარეშე „ინციდენტად” ნებისმიერი წვრილმანი შემთხვევაც შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, ინტერნეტკავშირის რამდენიმეწამიანი შეფერხებაც კი.

პროვაიდერის ქსელზე წვდომა ნიშნავს, რომ, სურვილის შემთხვევაში, ოტა-ს ნებისმიერი მომხმარებლის მიმოწერისა და პირადი მონაცემების ნახვა შეეძლება.

„გააჩნია, როგორი კონფიგურაციის სენსორს დააყენებს. თუ გადაწყვეტს, რომ თქვენი მთლიანი ისტორია და მისი შინაარსი ნახოს, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებს”, - ამბობს თეონა ტურაშვილი.

ვინ გადაწყვეტს, როგორი კონფიგურაციის სენსორის დაყენება და რა ინფორმაციაზე წვდომაა კანონიერი? ისევ სუს-ი.

***

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები წლებია საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ სპეცსამსახურების საქმიანობა მეტისმეტად ხშირად რჩება კონტროლს მიღმა. ხელისუფლების არცერთ შტოს არ აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რათა შეამოწმოს, კანონიერია თუ არა მათი ქმედებები. მაგალითად, ფარული მიყურადება. ეს კი ზრდის თვითნებობის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სწორედ სუს-იდან გაჟონილ ათასობით ფაილს შორის იყო სიტყვასიტყვით კოპირებული დიალოგებიც. ცვლილებების მოწინააღმდეგეები შიშობენ - 30 დეკემბრის შემდეგ, სუს-ს შეეძლება კანონიერად გააკეთოს ის, რისთვისაც ახლა ფორმალურად არსებული კანონების დარღვევა უწევს.