დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა (NCDC) დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო გაავრცელა, რომლითაც მედიას გააცნო სარეკლამო კომპანია „ალმასთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარსი.
საქმე ის არის, რომ თბილისში გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერები, რომლებიც მოსახლეობას ვაქცინაციის შესახებ მოუწოდებდა, სხვა შინაარსის ბანერებით ჩაანაცვლეს. მათ შორის არის ე.წ. სისხლიანი ბანერები, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულნი. მათზე არის წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“
ამირან გამყრელიძე კომპანია „ალმას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღადგინოს ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები.
„COVID–19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით კი იღუპება ამ ვერაგი დაავადებით. ამავდროულად COVID–19-ის ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას. ამასთანავე, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.
ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.
აღნიშნულის გათვალისწინებით მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილდბორდებზე COVID–19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, სწორედ, იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ შინაარსის წერილი დღეს, 20 სექტემბერს, NCDC-იმ კომპანიას ოფიციალურად გაუგზავნა.
სარეკლამო კომპანია "ალმა", რომელსაც თბილისის მერიისგან მინიჭებული ლიცენზიით უფლება აქვს, რომ ბანერები გააკრას ქალაქში, ემიჯნება იმ პლაკატების შინაარს, რომელიც მათ ბილბორდებზეა გაკრული.
ასევე ნახეთ "ალმა": ვაქცინაციას ბილბორდები უფასოდ დავუთმეთ, NCDC-ის არ უთხოვია კამპანიის გაგრძელება
"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.
ასევე ნახეთ "ალმა" ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათივე კუთვნილ ბილბორდებზეა გამოკრული"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "როგორც ჩანს, ეს არის "მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა".
ასევე ნახეთ ცესკომ "სისხლიანი ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო