"მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია კლინიკიდან სახლში გაწერეს

ოპერატორი ლევან აბლოთია

“მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთიას, რომელიც ქარელის "ევექსის" კლინიკიდან თბილისის, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადმოყვანის შემდეგ დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, სახლში გაწერეს.

"მთავარი არხის" ცნობით" ქარელში, "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარი თავდასხმის შედეგად, მას მოტეხილი აქვს მენჯ-ბარძაყი და ნეკნი, დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები. ლევან აბლოთია მკურნალობას ბინაში გააგრძელებს.

ასევე ნახეთ „მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი „ოცნების" ქარელის ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს

„მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელის მერობის კანდიდატზე, ზაზა გულიაშვილზე, სიუჟეტს ამზადებდა, „ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. თავად კანდიდატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

ასევე ნახეთ „ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის თქმით, „მთავარი არხის" ოპერატორი თავად გადავარდა

იგივე ვერსია განავითარა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მან მომხდარი ფაქტის კომენტირებისას თქვა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. დეპუტატის განცხადებით, ეს არ ყოფილა სიმაღლიდან ვარდნა.

ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, ფიზიკური შეხება ოპერატორსა და შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა

თავად ბექა ყორშიამ „მთავარი არხის“ ეთერში აბლოთიასთან დაკავშირებული ინციდენტი შემდეგნაირად ახსნა: „მოაჯირთან მიგვიმწყვდიეს და ორმა მათგანმა ხელი ჰკრა ლევანს და გადმოაგდო. დაენარცხა ძირს. მე მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა. რამდენიმე წამს თვალებს ვერ ახელდა და მეგონა, რომ გაითიშა. შემდეგ მითხრა, რომ ზურგი სტკიოდა საშინლად და ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა“, - თქვა ბექა ყორშიამ.

ასევე ნახეთ ჟურნალისტ ბექა ყორშიას თქმით, „ოცნების“ ოფისში ოპერატორს ორმა ადამიანმა ხელი ჰკრა და გადმოაგდო

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ასევე ნახეთ „მთავარი არხის" ოპერატორის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო