ღარიბაშვილი: ნულოვანი კომპრომისი იქნება, არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეთქმულებას სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ 2 ოქტომბერს არჩევნებზე ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლების მხრიდან ნულოვანი კომპრომისი მოჰყვება:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ვიღაცეებს შეიძლება ჯერ კიდევ ჰქონდეთ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ საკადრისი პასუხი გაეცემა შეთქმულებაში მონაწილე ყველა პირს:

„არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე მან ინტერნეტში სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალების გავრცელება მძიმე პროვოკაციად შეაფასა და ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა. კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაციაა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: ეს არის ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ

ინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან, გამოჩნდა დოკუმენტები. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.

ასევე ნახეთ ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდან

არის ვარაუდი, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, ვინაიდან განთავსებული დოკუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“

ასევე ნახეთ ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუს-ის ფაილებში მათი საუბრებია