Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუს-ის ფაილებში მათი საუბრებია 


ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ დღეს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. სუს-ის ჩანაწერებში მათი საუბრის ფრაგმენტებია ასახული. მსგავსი ფაილები რამდენიმე სახისაა, თუმცა ყველა დოკუმენტი, რაც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, პირდაპირ ან ირიბად ეხება სასულიერო პირებს. ჩანაწერების შინაარსის მიხედვით, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის პირადი საუბრები და მიმოწერა, წლების განმავლობაში გროვდებოდა.

ჟურნალისტების დადასტურებული ჩანაწერები 2012 წლის შემდეგ, მოქმედი ხელისუფლების დროს არის გაკეთებული.

დომენის შექმნის შესახებ ინფრომაციაში მითითებულია, რომ ის შეიქმნა 2021 წლის 12 სექტემბერს.

ფაილებში მოხვდა "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერის თეო გილიგაშვილის საუბრის ფრაგმენტებიც. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მსგავსი საუბარი მასსა და ჩანაწერებში მოყვანილ სხვა პირებს შორის ნამდვილია.

ფრაგმენტი დოკუმენტიდან:

  • "თეო გილიგაშვილმა დაურეკა გიორგი ახალკაცს [გორის რეგიონული კორესპოდენტი-რ.თ] და გააგზავნა ყიწნვისის მონასტერში სიუჟეტის გადასაღებად და თან დაავალა...";
  • "თეო გილიგაშვილმა დაურეკა ია გულიაშვილს და დააბარა კითხვა მეუფე იაკობთან...";
  • "თეო გილიგაშვილმა მისწერა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს და ჰკითხა...".

ამ ჩანაწერებში მოხვდა "რუსთავი 2"-ის ყოფილი და "ფორმულას" მოქმედი ჟურნალისტი, ნინო ვარძელაშვილი. ის ამ ფაილში 6-ჯერ არის ნახსენები.

"მე შემიძლია დავადასტურო ამ ნაწილის ავთენტურობა იმიტომ, რომ შედგა ჩემსა და გიორგი ზვიადაძეს შორის ეს სატელეფონო საუბარი. ეს ხდებოდა ამ წლის თებერვალში, სინოდის სხდომამდე ალბათ რამდენიმე დღით ადრე. ჩვენს ეთერში გასულია ზუსტად ამ შინაარსის სატელეფონო ჩანაწერი და ზუსტად, ერთი ერთში აქვთ გაშიფრული ის დიალოგი, რაც შედგა ჩემსა და მამა გიორგი ზვიადაძეს შორის", - უთხრა ვარძელაშვილმა "ფორმულას".

ამავე, 3300-გვერდიან დოკუმენტში, მოხვდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტისა და იმ დროს On.ge-ის მთავარი რედაქტორის, გელა ბოჩიკაშვილისა და კინოთეატრების ქსელის პიარსამსახურის უფროსის სატელეფონო საუბარიც.

"მოპოვებული ინფორმაციით, შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემას" და შპს "კავეა თბილისი მოლის" წარმომადგენელმა მარგარიტა სიხარულიძემ საინფორმაციო პორტალ "on.ge"-ს ჟურნალისტთან გელა ბოჩიკაშვილთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კინოთეატრებში, "და ჩვენ ვიცეკვებთ" ფილმის სეანსების დამატებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან", - წერია ჩანაწერებში.

ჟურნალისტებთან დიალოგი 13 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერების მხოლოდ ერთი ნაწილია. ამის გარდა, მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა სხვა ფაილებიც. ვებგვერდზე, რომელზეც დოკუმენტები იყო ატვირთული, პირდაპირი წვდომა საქართველოდან ამ მომენტისთვის შეზღუდულია.

XS
SM
MD
LG