ფარული მიყურადების ყველა შემთხვევის შესწავლისკენ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს სახელმწიფო ინსპექტორი და განცხადებით ეხმაურება საპატრიაქროს მაღალი სასულიერი პირების შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ, თითქოს, სუს-იდან გაჟონილ მასალებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანახმად, ბოლო დროს სისტემური ხასიათი მიიღო, სხვადასხვა პირთა მიმართ, სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების ფაქტებმა.
ასევე ნახეთ მედიით ვრცელდება, თითქოს, სუს-ის მიერ სასულიერო პირებზე ფარული მიყურადების შემცველი ჩანაწერებიინსპექტორი შეახსენებს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და იგი გარანტირებულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით.
„სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მანიპულირების ყველა ფორმა საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც მინიჭებული აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის ფუნქცია, აკონტროლებს მოსამართლის განჩინებისა ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით მიმდინარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. სამსახურის კომპეტენცია მთავრდება იქ, სადაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია საკანონმდებლო მექანიზმებსა და ბერკეტებს, შეისწავლოს საკანონმდებლო მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით განხორციელებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს 2017 წლის 1 ივნისს №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და შექმნის ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მყარ გარანტიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ - ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ მასალებზეინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან, გამოჩნდა დოკუმენტები. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.
არის ვარაუდი, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, ვინაიდან განთავსებული დოკუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:
„ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“
დოკუმენტები შეიცავს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ჩანაწერებს. მათ შორის მოხსენიებულია ანდრია ჯაღმაიძეც, რომელიც შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას სთხოვს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს.
საუბარია კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზზე, რომელიც, თითქოს, რუსეთის მოქალაქეს აწვდიდა ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. მისგან კი 30 ათასი დოლარი ჩაერიცხა ანგარიშზე.
მიტორიპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ეს ყველაფერი არის მხოლოდ სიტყვები, მან აღნიშნა, რომ რამდენადაც ინფორმირებულია, მის პირად ანგარიშზე რუსეთიდან "გადმორიცხვის გაკეთება არ შეიძლება, არ კეთდება, არ სრულდება ასეთი ოპერაცია“.
მან არ უარყო დოკუმენტებში მოხმობილი ინფორმაცია რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილინასთან ნაცნობობის შესახებ, თუმცა თქვა, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ იქ კოვიდტესტებს აკეთებენ. "მე ახლაც არ მაქვს ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ყველამ ვიცით, რომ კოვიდტესტებს აკეთებენ", - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
მანვე "ფეიკი" უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების შესახებ ამბებს იგებს პოლიტიკოს ხათუნა გოგორიშვილისგან.
ასევე ნახეთ მიტროპოლიტი ნიკოლოზი: უშიშროების სამსახურს ვენდობი მაშინაც კი, როდესაც არაპროფესიონალურად იქცევიან
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ეს არის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიების მხრიდან.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პირადად არ გასცნობია გავრცელებულ მასალებს. თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ჩანაწერები მართლაც გავრცელდა, ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა.