საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკპოსტით აფასებს ინტერნეტსივრცეში თითქოსდა სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ განთავსებულ დოკუმენტებს და ამბობს, რომ კომენტარის გაკეთებას არ იჩქარებს.
„ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ, თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები "იქმნება" და არა უბრალოდ შუქდება. ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.
დოკუმენტები შეიცავს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ჩანაწერებს. მათ შორის მოხსენიებულია ანდრია ჯაღმაიძეც, რომელიც შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას სთხოვს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს.
საუბარია კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზზე, რომელიც, თითქოს, რუსეთის მოქალაქეს აწვდიდა ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. მისგან კი 30 ათასი დოლარი ჩაერიცხა ანგარიშზე.
მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ეს ყველაფერი არის მხოლოდ სიტყვები, მან აღნიშნა, რომ რამდენადაც ინფორმირებულია, მის პირად ანგარიშზე რუსეთიდან „გადმორიცხვის გაკეთება არ შეიძლება, არ კეთდება, არ სრულდება ასეთი ოპერაცია“.
მან არ უარყო დოკუმენტებში მოხმობილი ინფორმაცია რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილინასთან ნაცნობობის შესახებ, თუმცა თქვა, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ იქ კოვიდტესტებს აკეთებენ. „მე ახლაც არ მაქვს ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ყველამ ვიცით, რომ კოვიდტესტებს აკეთებენ“, - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
მანვე "ფეიკი" უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების შესახებ ამბებს იგებს პოლიტიკოს ხათუნა გოგორიშვილისგან.
ინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან, გამოჩნდა დოკუმენტები. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.
არის ვარაუდი, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, ვინაიდან განთავსებული დოკუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:
„ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ეს არის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიების მხრიდან.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პირადად არ გასცნობია გავრცელებულ მასალებს. თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ჩანაწერები მართლაც გავრცელდა, ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა.