სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ორი ქვეყნის რეგიონულ თანამშრომლობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რაც ჩვენ ხელს შეგვიწყობს რისკების მართვაში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა იმ პირად ურთიერთობებს, რომელიც იმ დღეებში საქართველოს პრემიერთან ჩამოუყალიბდა. მისი თქმით, იმ პერიოდში საქართველოს პრემიერთან უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე სომეხ ამომრჩეველთან.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი გაააქტიურებს მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მუშაობას.
მან ირალი ღარიბაშვილს ასევე გააცნო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ხედვები, რაც დაკავშირებულია რეგიონში ორი ქვეყნის პოტენციალის გაზრდასთან.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: ყარაბაღის ომი რთული გამოწვევა იყო, მჯერა, გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად„საუბარია სატრანზიტო გზებზე, ენერგეტიკულ პროექტებზე, ტრანსპორტზე, ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან ისაუბრა ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, კერძოდ, სპეციალისტთა თანამშრომლობაზე.
ხაზი გაუსვა საქართველოში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის არსებობას და განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები გააგრძელებენ საქართველოს ერთიანობისთვის წვლილის შეტანას და მისი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი აქტორები იქნებიან.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობას საქართველოში მოქალაქე სომხების თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში ხელშეწყობისთვის.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი დონის პოლიტიკურმა დიალოგმა ეკონომიკის სფეროშიც ჰპოვოს ასახვა.
დღეს დაიწყო საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი. მისი დახვედრის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე გაიმართა.
დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრად პირველად არჩევიდან რამდენიმე დღეში, 2018 წლის 11 მაისს.
საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის მეორე ოფიციალური ვიზიტი 2020 წლის 3-4 მარტს შედგა. სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირველი და მეორე ოფიციალური ვიზიტებისას მასპინძლობდნენ საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია.
ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის 25 აპრილს გადადგა, რასაც წინ უძღოდა აზერბაიჯანთან ხელმოწერილი საზავო შეთანხმების გამო დაწყებული კრიზისი. ოპოზიცია ფაშინიანს ადანაშაულებდა კაპიტულაციასა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატში და მის გადადგომას მოითხოვდა 2020 წლის ნოემბრიდან, როცა რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებში, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს ჩატარდა, ფაშინიანის პარტიამ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა, ახალი მოწვევის პარლამენტმა კი, პრემიერ-მინისტრად კვლავ ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.
საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 2021 წლის მაისში.