საით მიჰყავს ბელარუსი რუსეთთან ინტეგრაციის „საგზაო რუკებს“?

ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა

9 სექტემბერს მოსკოვში გაიმართება ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მორიგი შეხვედრა, რომელზეც მხარეები სავარაუდოდ ხელს მოაწერენ სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის თაობაზე შემუშავებულ „გზამკვლევ“ საგზაო რუკებს.

„ჩვენ, მადლობა ღმერთს, სამი წლის შემდეგ ფინიშის სწორზე ვიმყოფებით, როდესაც 28 რუკიდან შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ ერთი. მე ვფიქრობ, რომ 7 სექტემბრისთვის ამ უკანასკნელსაც მივიყვანთ ბოლომდე და უკვე 9-ში (სექტემბერს), როდესაც პრეზიდენტები (რუსეთის და ბელარუსის) შეხვდებიან ერთმანეთს მოსკოვში, ხელი მოეწერება ყველა გზამკვლევსა და ასევე ინტეგრაციის გაღრმავების და განვითარებისკენ მიმართულ ყველა რუკას“, - ამის შესახებ 31 აგვისტოს ბელარუსის ელჩმა რუსეთში, ვლადიმირ სემაშკომ განაცხადა.

თუმცა ამის შემდეგ საელჩომ მალევე უარყო ელჩის სიტყვები. თავად ლუკაშენკა ამბობს, რომ დოკუმენტებს ოქტომბერ-ნოემბერში შეიძლება მოეწეროს ხელი. ამასთან, ბელარუსის ლიდერის თქმით, ბელარუსმა და რუსეთმა, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით, უარი თქვეს პოლიტიკური ინტეგრაციის თაობაზე 31-ე „საგზაო რუკის“ ხელმოწერაზე, რაც ბელარუსისთვის სუვერენიტეტზე უარის თქმას მოასწავებს.

კუთხეში მომწყვდეული ლუკაშენკა

ორი წლით ადრე ლუკაშენკა კიდევ უფრო თამამ განცხადებებსაც აკეთებდა რუსეთთან გაერთიანების საკითხის გარშემო. მან რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ უთხრა, რომ ერთიანი სახელმწიფოს შექმნის „ყველაზე მარტივ ვარიანტს“ წარმოადგენს „რუსეთის შესვლა ბელარუსის შემადგენლობაში“.

მაგრამ გასული წლის პოლიტიკური კრიზისი ბელარუსში და დასავლეთის მიერ ლუკაშენკას რეჟიმის სრული იზოლაცია, მოსკოვმა გამოიყენა იმისათვის, რომ კიდევ უფრო დამოკიდებული გაეხადა რუსეთის დახმარებაზე დასავლეთის სანქციების შედეგად კუთხეში მიმწყვდეული ალიაქსანდრ ლუკშენკა.

„ლუკაშენკას რუსეთისგან იაფი გაზისა და ნავთობის მიღება სურს, მოსკოვი ამას შესაძლებლად მიიჩნევს, ოღონდ დიდი დათმობის ფასად. აი, ეს ვაჭრობა გრძელდება და თუ რას მიაღწევენ მხარეები, ძნელი სათქმელია. ერთადერთი, რასაც არ უნდა ველოდოთ, არის ის, რომ 9 ან 10 სექტემბერს, ან ერთი თვის თავზე ბელარუსი დე ფაქტო რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდება, ეს არ მოხდება. მაგრამ ბელარუსი რუსეთის უფრო მჭიდრო გავლენის ქვეშ, ასე თუ ისე, მოექცევა. მაგალითად, საინტეგრაციო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი შეეხება საგადასახადო კანონმდებლობის უნიფიკაციას. შეძლება ვინმემ თქვას, რომ საგადასახადო კანონმდებლობის უნიფიკაცია არ ნიშნავს რუსეთის არმიას მინსკის ქუჩებში და რუსეთის დროშას მინსკის თავზეო. მაგრამ აშკარაა, რომ ამ შეთანხმებით ბელარუსი რუსეთის ინსტიტუციონალურ ველზე აღმოჩნდება მიჯაჭვული“, - ამბობს იური დრაკახრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი.

რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ბელარუსის ეკონომიკის სუბსიდირებას, მინსკი გვარიან მოგებას ნახულობდა იაფი რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტით, რომელსაც თავის ქარხნებში ამუშავებდა და გაზრდილი ფასით ყიდდა დასავლეთის ბაზრებზე.

კრემლმა 1,5 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო ბელარუსს და დაჰპირდა დიდ სამხედრო დახმარებას.

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ კრემლთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსს გადასცემს ათობით სამხედრო თვითმფრინავს, ვერტმფრენს, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რომელთა შორის შეიძლება იყოს S-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

ასე რომ, ბელარუსის ელჩს რუსეთში, ვლადიმირ სემაშკოს, ნამდვილად არაფერი წამოსცდენიაო, ამბობს იური დრაკახრუსტი.

„სინამდვილეში ინტეგრაცია სხვა მიმართულებებით, უმაღლეს დონეზე ხელის მოწერის გარეშეც ხდება. მაგალითად, ბელარუსული ტრანიზიტი სხვადასხვა მიზეზის გამო ბალტიის პორტების ნაცვლად რუსეთს გადაეცემა. ეს სერიოზული ამბავია. რუსეთისგან იარაღის შესყიდვა არაა საშიში. მაგრამ ბელარუსში უკვე იქმნება ერთობლივი რუსულ-ბელარუსული საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ცენტრი, თუ სასწავლო ობიექტი. ეს უკვე სიახლეა, ეს უკვე სერიოზულია. ეს არ იქნება ისეთივე ბაზა, როგორიც თავის დროზე რუსეთს ჰქონდა ყირიმში, მაგრამ იქნება რაღაცა ისეთი, რაც ადრე არ ყოფილა“.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ბალანსის ზღვარზე

ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, რომლის თაობაზე ხელშეკრულებასაც 22 წლის წინ მოეწერა ხელი, ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. პოლიტიკური გაერთიანების იდეა გულისხმობს ერთიანი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას.

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ საკავშირო სახელმწიფოს თაობაზე დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრის დეტალები დღემდე ბურუსით არის მოცული. ანალიტიკოსების თქმით, ძირითადი უთანხმოება ორ ლიდერს შორის სწორედ საგადასახადო პოლიტიკას, ენერგომატარებლებზე ფასსა და ერთიან ვალუტას უნდა უკავშირდებოდეს.

უკრაინის კრიზისმა და განხეთქილებამ მოსკოვსა და დასავლეთს შორის, ლუკაშენკოს მისცა ერთგვარი ბერკეტი კრემლთან ურთიერთობაში ახალი მიმართულების არჩევისა. თანაც, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გამო რუსეთი აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც აღარ ძალუძდა ბელარუსის უხვად დაფინანსება.

რუსეთის ორბიტაზე დასარჩენად ალექსანდრ ლუკაშენკა განაგრძობდა ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური გზით სიარულს. ამასთან, მთლიანად რუსეთის გრავიტაციის ველში ყოფნა რომ აეცილებინა, ბელარუსის ლიდერი დროგამოშვებით დამოუკიდებელი პოზიციის გამოხატვასაც არ ერიდებოდა და ერთი ხანობა შეეცადა, ისე განევითარებინა ურთიერთობა დასავლეთთან, რომ მის პირად ძალაუფლებას საფრთხე არ შექმნოდა.

2019 წლის სექტემბერში აშშ-მა და ბელარუსმა, რომლებიც ერთნაირად განიცდიდნენ რუსეთის ავანტიურისტულ საგარეო პოლიტიკას, 11-წლიანი პაუზის შემდეგ ერთმანეთთან ელჩების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვეს.

„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე და გავცვალოთ ელჩები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილმა 2019 წლის 17 სექტემბერს მინსკში, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრის დროს.

2020 წლის თებერვალში ბელარუსს ესტუმრა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ეს აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი აღმოჩნდა ბელარუსის ისტორიაში. აშშ მზადაა, ბელარუსი ენერგორესურსებით უზრუნველყოს „ასი პროცენტით, კონკურენტუნარიან ფასებში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შარშან მინსკში, ბელარუსის ლიდერებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

მრავალწლიანი დიპლომატიური დაპირისპირების შემდეგ ეს აშკარად ჰგავდა გარღვევას.

აშშ-მა და ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესეს მას შემდეგ, რაც ოპონენტებისა და დასავლეთის დამკვირვებლების მიერ არადემოკრატიულად შეფასებული 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მინსკში სასტიკად იქნა დარბეული ოპოზიციის ანტისამთავრობო აქცია.

დასავლეთის სანქციების პასუხად, ლუკაშენკომ, რომელმაც არჩევნებში ხმათა 84 პროცენტი მიიღო, 2008 წელს აშშ-დან გამოიწვია თავისი ელჩი, ხოლო ამის შემდეგ მინსკი მალევე დატოვა აშშ-ის ელჩმა ბელარუსში.

მაგრამ მალე გაირკვა, რომ ბელარუსს არ შეუძლია მოსკოვისგან დისტანცირება, ვიდრე ქვეყნის ყავლგასული ეკონომიკა რუსეთიდან მიღებული იაფი ენერგიით საზრდოობს, ხოლო დასავლეთის სანქციების შერბილების განზრახვას არ მოჰყოლია ადამიანის უფლებების გაუმჯობესება ბელარუსში.

უმალ პირიქით. მალე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის რეჟიმმა კვლავ სასტიკად ჩაახშო საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით, დააკავა და დააპატიმრა ათასობით პოლიტიკური ოპონენტი, აქტივისტი, ჟურნალისტი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

ბელარუსის სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი ერთიმეორის მიყოლებით გამოაქვს ლუკაშენკას რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტებისთვის.

ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა

2021 წლის 7 ივლისს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტობის ყოფილ პრეტენდენტს, ვიქტარ ბაბარიკას, რომელიც თავის ვაჟ ედუარდთან ერთად შარშან ივნისში დააპატიმრეს მას მერე, რაც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

ასევე ნახეთ ლუკაშენკამ მთავარი კონკურენტი 14 წლით დააპატიმრებინა

ორი თვის თავზე იგივე ბედი გაიზიარეს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მარია კალესნიკავამ და მაქსიმ ზნაკმა, რომლებიც გასული წლის 8 სექტემბრიდან იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. კალესნიკავას და ზნაკს 6 სექტემბერს მინსკის სასამართლომ დახურულ სხდომაზე 11 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება და ისინი დამნაშავედ ცნო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში, საჯარო მოწოდებებში მოქმედებებისკენ, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ იყო მიმართული.

ლუკაშენკას რეჟიმი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც მან სასტიკი რეპრესიები დაიწყო პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე, კამათის საგნად ქცეული, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული არჩევნების ფონზე.

ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ესკალაციაზე, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი რეპრესიების, 2021 წლის 23 მაისს რაინეარის თვითმფრინავისთვის დაფრენის იძულებისა და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაკავების პასუხად, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა მინსკის მრეწველობის მთავარ საექსპორტო სექტორებს.

ეკონომიკური სანქციების შემდეგ, ბელარუსმა გაწყვიტა ურთიერთობა ევროკავშირთან. მინსკმა ასევე შეწყვიტა მონაწილეობა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის.

ამ ფონზე, საქართველოს შიგნით და მის გარეთ მოულოდნელი აღმოჩნდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა (სუს) და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმების ამოქმედების შესახებ. გარდა იმისა, რომ ბელარუსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი რეჟიმია, მისი კგბ „ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის ფსბ-სთან“.

დოკუმენტი, რომელსაც 2016 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოში შევიდა ძალაში.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრთა თქმით, ლუკაშენკას პოლიტიკურ რეჟიმსა და მის სადამსჯელო სტრუქტურებთან ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობით, ან ისეთი არსებული შეთანხმებების ცხოვრებაში გატარებით, როგორიცაა სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი, „საქართველოს ხელისუფლება მიდის რისკზე, დისკრედიტებულ იქნეს საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში. მეტიც, [საქართველო] პირდაპირ შეიტანდა წვლილს იმ რეპრესიების გაძლიერებაში, რომლებსაც განიცდიან ბელარუსის მოქალაქეები“.

ასევე ნახეთ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გმობს საქართველო-ბელარუსის შეთანხმებას

ლუკაშენკას რეჟიმი და ამბივალენტური საქართველოს ხელისუფლება

ამ მოსაზრებას იზიარებენ დამოუკიდებელი ბელარუსი ჟურნალისტები და მიმომხილველები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ლუკაშენკას რეჟიმთან საქართველოს ხელისუფლების ამბივალენტურ დამოკიდებულებაზე.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს სიტუაცია კარგად ესმის ბელარუსში მცხოვრებ ინფორმირებულ ხალხს. მინდა შეგახსენოთ, რომ ალიაქსანდრ გრიგორევიჩის (ლუკაშენკას) ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი იყო მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, 2006 წელს მან იმით დაიწყო, რომ ლუკაშენკას დამხობაზე ლაპარაკობდა. მაგრამ შემდეგ კი ლუკაშენკას ლობისტად გადაიქცა საერთაშორისო არენაზე და, თუ არ ვცდები, დღემდე ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ლუკაშენკას. ამიტომ ასეთი მიდგომა საერთოდ ძალიან ცუდია. ამ შემთხვევაში საუბარია თანამშრომლობაზე სპეციფიკურ სამსახურებს შორის და თუ რით შეიძლება ეს დასრულდეს, თუ ვის მოკიდებენ ხელს და დააპატიმრებენ (ბელარუსის სპეცსამსახურები), მე არ ვიცი. ამიტომ არ მესმის, რატომ სურს საქართველოს, რომ გაისვაროს ხელი ამ სისხლსა და ვინმეს დევნაში?. დააპატიმრებენ რომელიმე ადამიანს თბილისში, ჩაიყვანენ მინსკში, მიუსჯიან 11 წელს და მერე წაიშენენ თავში ხელს: ვაი, ამაზე არ გვიფიქრია. ჰოდა, იფიქრეთ! კიდევ უფრო უკეთესია, რომ, როგორც იტყვიან, არავინ შეიყვანო შეცდომაში და არ შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც შენ თავად გამოხვალ სულელი და კიდევ უარესია, რომ შენი გულისთვის ვინმეს 11 წლით ჩასვამენ, ცხადია, მას ჩასვამს ლუკაშენკა, მაგრამ იმიტომ, რომ შენ მონაწილეობდი ამაში“, - ამბობს იური დრაკახრუსტი.

ინფორმაციას სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმების ამოქმედების შესახებ „ქართული სტანდარტებითაც კი განმაცვიფრებელი“ უწოდეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ (2015-2018 წწ.) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დეივიდ კრამერმა 20 აგვისტოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს“.

ავტორები შენიშნავენ: „ევროკავშირთან შეთანხმების გაუქმება და ამავე დროს მინსკის დიქტატორულ რეჟიმთან შეთანხმების დამტკიცება, მსუბუქად რომ ვთქვათ, კარგად არ გამოიყურება საქართველოსთვის და ზრდის შეშფოთებას დასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთგულების თაობაზე“.

ასევე ნახეთ იან კელი და დეივიდ კრამერი: „საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს“

ელჩი იან კელი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიით გამოეხმაურა ბელარუსის რეჟიმის მიერ მარია კალესნიკავასთვის 11 წლით პატიმრობის მისჯას.

„აშშ-ის ელჩი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, თუ ვის მხარეზე დგას. დაუბრუნდით ევროკავშირის შეთანხმებას და გააუქმეთ ბელარუსთან უსაფრთხოების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება“, - წერს იან კელიზე დაყრდნობით თავის ტვიტერში „ალ ჯაზირას“ ფრილანსერი კორესპონდენტი რობინ ფორეისტერ ვოლკერი.