Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იან კელი და დეივიდ კრამერი: „საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს“


„ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთის ორბიტაში შეჰყავს და ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს - ასეთი დასკვნა გამოაქვთ 20 აგვისტოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში იან კელის (2015-2018 წწ.) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დეივიდ კრამერს. სტატიის სათაურია „საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს“.

ავტორების თქმით, საქართველო ათწლეულების განმავლობაში იყო რეგიონში ყველაზე პროდასავლური ქვეყანა და აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე. ისინი აღნიშნავენ დიდ წინსვლას, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია დემოკრატიზაციის გზაზე. მაგრამ, მათი თქმით, „ამ წინსვლას ახლა საფრთხე ექმნება მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალაუფლების ყველა სადავის ხელში ჩაგდება უფრო აფიქრებს, ვიდრე მმართველობის დასავლური სტანდარტების მიღწევა. ამავე დროს, როგორც ჩანს, ის კავშირებს აძლიერებს რუსეთთან და ბელარუსთანაც კი“.

სტატიის ავტორთა აზრით, საქართველოში უკანასკნელ ხანებში განვითარებულ მოვლენებში შეინიშნება საგანგაშო ტენდენცია - თბილისი მოსკოვისა და მინსკის არალიბერალური რეჟიმებისგან სესხულობს რეპერტუარს და დასავლეთის წინააღმდეგ გალაშქრებასაც იწყებს.

კელი და კრამერი იხსენებენ ფეისბუკის მიერ დაბლოკილ ყალბ ანგარიშებს, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული და რომლებიდანაც ანტიდასავლური და, განსაკუთრებით, ანტიამერიკული პროპაგანდა ხორციელდებოდა. მსგავსი შემთხვევა ხდებოდა ახლახან, შენიშნავენ ავტორები, როცა ვებსაიტები და სოცმედიის ანგარიშები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული, „უპრეცედენტო თავდასხმებს“ ახორციელებდნენ აშშ-ის ელჩსა და მის ევროპელ კოლეგებზე, როცა კი ისინი კრიტიკას გამოხატავდნენ „ქართული ოცნების“ ან მთავრობის მიმართ.

სტატიის ყურადღების ცენტრშია თბილისში ივლისის დამდეგს განვითარებული მოვლენები, როცა თბილისში ლგბტ თემის მარშის გამართვის მოწინააღმდეგეებმა სცემეს 50-ზე მეტ ჟურნალისტს, რომელთაგან ერთი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. კელი და კრამერი შენიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ დაგმო ძალადობა და აშშ-ის ელჩის კრიტიკა დაიმსახურა.

ავტორთა თქმით, სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, მედიის შევიწროება და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია „არ არის საქართველოსთვის უპრეცედენტო“. ისინი იხსენებენ 2007 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ძალა გამოიყენა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მაუწყებლობა შეაწყვეტინა მთავარ ოპოზიციურ ტელეკომპანია „იმედს“. „მაგრამ რაც უპრეცედენტოა, არის "ქართული ოცნების" განცხადება, რომ გავა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან. ამ ნაბიჯმა კვლავ განაახლა პოლიტიკური კრიზისი და ის მიანიშნებს უკანასკნელ ხანებში "ქართული ოცნების" მოწყვეტაზე დასავლეთისგან და არალიბერალური რეჟიმების მოდელისკენ მიბრუნებაზე“, წერენ კელი და კრამერი.

ავტორთა თქმით, „ქართული სტანდარტებითაც კი განმაცვიფრებელი“ იყო ინფორმაცია სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმების ამოქმედების შესახებ. გარდა იმისა, რომ ბელარუსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი რეჟიმია, ბელარუსის კგბ „ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის ფსბ-სთან“.

ავტორები შენიშნავენ: „ევროკავშირთან შეთანხმების გაუქმება და ამავე დროს მინსკის დიქტატორულ რეჟიმთან შეთანხმების დამტკიცება, მსუბუქად რომ ვთქვათ, კარგად არ გამოიყურება საქართველოსთვის და ზრდის შეშფოთებას დასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთგულების თაობაზე“.

ავტორები აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიყენოს საქართველოზე თავისი გავლენა. ბაიდენის ადმინისტრაციამ და კონგრესმა, რომელშიც საქართველოს ორივე პარტიის მხრიდან აქვს ძლიერი მხარდაჭერა, „უნდა მოუწოდოს "ქართულ ოცნებას", დაუბრუნდეს ევროკავშირთან შეთანხმების პირობების განხორციელებას“.

მათი აზრით, თუკი „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება შეთანხმებას, ან უარს იტყვის ბელარუსთან შეთანხმების გაუქმებაზე, ან „საარჩევნო მაქინაციებს“ მიმართავს, ბაიდენის ადმინისტრაციამ „მიზნობრივი ჯარიმები“ უნდა დაუწესოს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს.

„მართალია, შეერთებულ შტატებს არასოდეს მიუმართავს საქართველოში ასეთი ზომებისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა მიმდინარე დაღმასვლის შესაჩერებლად“, დაასკვნიან იან კელი და დეივიდ კრამერი Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს“.

XS
SM
MD
LG