ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია იმ სამუშაოსთვის, რომელიც საქართველომ გასწია ავღანეთიდან ევაკუირებული მოქალაქეების დანიშნულების ადგილზე ჩაყვანის პროცესში. ამის თაობაზე საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება.
„ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის. ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია და ხაზს უსვამს საქრთველოს ხელმძღვანელობის კრიზისების და ჰუმანიტარული პრობლემების მართვის უნარს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან საუბარში კითხვის პასუხად ასევე გამოეხმაურა პარტნიორი ქვეყნის განცხადებას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს დადებით როლს ამ პროცესში.
„საქართველომ ძალიან ოპერატიულად იმოქმედა მთელი ამ საევაკუაციო პროცესის დროს. ჩვენ ევაკუაციის ცენტრი მოვაწყვეთ და ძალიან სწორად და სწრაფად იმართა ეს პროცესი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი აქტორი და პარტნიორი ქვეყანა ამერიკის, ევროპის. ჩვენ ვმონაწილეობდით წლების განმავლობაში ავღანეთში და, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვიხარია, რომ ამას ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ლიდერები აღიარებენ მადლიერებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ საქართველო მონაწილეობს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესშიავღანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაციისთვის, რომელიც 31 აგვისტომდე მიმდინარეობდა, თბილისის აეროპორტში განლაგდნენ ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები. ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა კი ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისით.
მსოფლიოს ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების, თანამშრომლების და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც რადიკალურმა დაჯგუფებამ დაიბრუნა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება.