დედაქალაქის მერობის კანდიდატის რანგში გიორგი გახარიას გამოჩენამ ყოფილი თანაგუნდელების აშკარა ბრაზი გამოიწვია. ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას ეხმარება, ხოლო მეორე მხრივ, ამბობენ, რომ - გახარია ფულის გამო მელიასაც გასწირავდა. ექსპერტებისთვის ცხადია, რომ გახარია და მისი პარტია „ოცნებისთვის“ სულ უფრო დიდი თავის ტკივილი ხდება.
მეორე ტური?
ერთი დღით ადრე, ვიდრე გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, 31 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები.
გამოქვეყნებულ სქემაში პროცენტები ორ ძირითად კანდიდატს შორის არის გადანაწილებული და ამ სქემით, მოქმედ მერს, კახა კალაძეს პირველსავე ტურში მოგების შანსი აქვს.
- კახა კალაძე („ქართული ოცნება“) – 61.4%;
- ნიკა მელია (ენმ/ოპოზიციური პარტიების ჯგუფი) – 38.6%
კვლევა აგვისტოშია ჩატარებული, მაშინ, როცა გიორგი გახარია ჯერ ისევ კატეგორიულად უარყოფდა დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, ხოლო კახა კალაძის მიმართ საკმაოდ ღია კეთილგანწყობას გამოხატავდა.
რა შეიძლება შეიცვალოს „ოცნებისთვის“ 1 სექტემბრის შემდეგ, როცა გახარიამ საკუთარი კანდიდატურა ბევრისთვის მოულოდნელად წამოაყენა?
„ქართული ოცნება“ ამ წუთამდე აცხადებს, რომ კალაძეს ვერავინ დაამარცხებს და ის პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. მაგრამ გახარიას „სიურპრიზის“ შემდეგ, „ოცნების“ ლიდერების რიტორიკაში ერთგვარად „მეორე ტურზე" მინიშნებაც გამოიკვეთა:
- „ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად, რომ რამენაირად მელია გაათრიონ (უხეშ ტერმინს გამოვიყენებ) მეორე ტურში“ - ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
- „ჩვენ გვაქვს ისტორია, რომ მელიასთვის გადადგა და როცა დღეს ვიგებთ, რომ ეს ადამიანი მელიას მეორე ტურში გადასაყვანად იბრძოლებს, აქ უკვე, მე მგონია, რომ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს“ - მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.
ამგვარი კომენტარები სასაცილოდ ეჩვენება ნიკა მელიას, რომელიც, მართალია, მეორე ტურს არ გამორიცხავს, მაგრამ საკუთარ გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.
„ეს ილუზია რატომ შეიძლება ჰქონდეს "ქართულ ოცნებას"... მეორე ტურის პრობლემა 2014 წელს არ ყოფილა, როდესაც "ქართული ოცნების" მიმართ იყო წარმოუდგენელი ნდობა... ამიტომ, არათუ მეორე ტურში, მე გეუბნებით, რომ - პირველ ტურში, შედეგობრივად, რა თქმა უნდა, მე გავიმარჯვებ“, - უთხრა ჟურნალისტებს 2 სექტემბერს მელიამ.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერის პოსტზე ენმ-ის კანდიდატი სწორედ ნიკა მელია იყო და ის „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით ნარმანიას უპირისპირდებოდა.
მაშინ პროცენტები ასე გადანაწილდა:
- პირველი ტური: დავით ნარმანია - 46.09%; ნიკა მელია - 27.97%;
- მეორე ტური: დავით ნარმანია - 72.47%; ნიკა მელია - 27.53%.
მიუხედავად იმისა, რომ გახარიას პარტიას ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტად და „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად განიხილავენ, ოპოზიციური პარტიები დარწმუნებული არიან, რომ მომავალ არჩევნებზე გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ასევე ნახეთ ISFED: სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან 15 პირი გაათავისუფლეს, იყო მუქარის შემთხვევებიცთავად გახარია კი, დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას განიხილავს სოლიდარობად პარტიის ყველა სხვა კანდიდატის მიმართ, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ძლიერი წნეხის პირობებში უწევთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება.
„დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან“, - ასე მიმართა გახარიამ 1 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე ყოფილ თანაგუნდელებს „ოცნებაში“.
ბოლო პერიოდში პარტია „საქართველოსთვის“ ხშირად ლაპარაკობს თავისი წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების დევნაზე, დაშინებასა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე. არაერთი ასეთი ფაქტია აღრიცხული „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშშიც.
მესამე თუ მეორე ადგილი?
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში გახარია მესამე ადგილზე გავა. ასე სჯერა ოპოზიციონერთა უმრავლესობასაც და ექსპერტების დიდ ნაწილსაც.
ასევე ნახეთ კობახიძე: არჩევნები არ არის ოლიმპიადა რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლოასევე მტკიცეა ხელისუფლების ოპონენტების რწმენა, რომ გახარია და მისი პარტია ამომრჩეველთა ხმებს ძირითადად მმართველ პარტიას წაართმევს.
მაგრამ რომელი ადგილისთვის იბრძვის გახარია და როგორია მისი რეალური შანსი?
„მებადება შეკითხვა - ხომ არ არის მიზანი ის, რომ მეორე ტურში საერთოდ ვერ გავიდეს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი?! და გახარიამ ნიკა მელია მესამე ადგილისკენ ჩააჩოჩოს?!“ - ჩვენთან საუბარში ნაწილობრივ რიტორიკულ შეკითხვას სვამს ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“.
თუკი, ბევრის მსგავსად, გახარიას ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პროექტის ნაწილად განვიხილავთ, გამზარდია არ გამორიცხავს, რომ საქმე გვქონდეს პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლის სამომავლო გათვლასთან.
„გახარია არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, მაშინ რაღაც სასწაული უნდა მოხდეს. ფაქტია, ის მეორე ადგილისთვის მუშაობს. გახარია გონიერი ადამიანია და მარცხისკენ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუკი ეს წარმატებული იქნება მისი პოლიტიკური მომავლისთვის და, ასე ვთქვათ, წარმატებით დამარცხდება.
თუკი გახარია მეორე ადგილზე გავა, ის მოიპოვებს პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსს და სამომავლოდ ხალხის მეტი მხარდაჭერაც ექნება - ძირითადად ისევ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ ამომრჩევლების ხარჯზე.
დავუშვათ, გახარია მეორე ადგილზე გავიდა, ვისთვის უფრო დიდი წარმატება იქნება ეს - „ქართული ოცნებისთვის“ თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“?!“ - გვეუბნება გამზარდია.
ასევე ნახეთ IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი მოსწონსთუკი, მაგალითად, IRI-ის რეიტინგებს გადავხედავთ, ადგილები ასე ნაწილდება:
- აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში: გახარია - 65%; კალაძე - 54%; მელია - 42%;
- აგვისტოში გამოქვეყნებულ კვლევაში: კალაძე - 58%; გახარია - 56%; მელია - 39%.
კვლევითი ორგანიზაციების მიმართ სხვადასხვა სახის დამოკიდებულების მიუხედავად, რეიტინგებში ასახული მაჩვენებლები თითქმის არასოდეს აკმაყოფილებთ პარტიებსა და პოლიტიკოსებს.
გარდა ამისა, ექსპერტებისთვის ცხადია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ყველაფერი, უკეთესობისკენ ან უარესობისკენ, შესაძლოა - ერთ წამში შეიცვალოს.
„ადგილები როგორ გადანაწილდება და გახარია რომელ ადგილზე გავა, ეს დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, თავად მის კამპანიაზეც და, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“, მელიას, ხელისუფლებისა და კალაძის ქმედებებზე. მთელი კომპლექსია აქ.
ეს ყველაფერი შეიძლება ისე დალაგდეს, რომ გახარია მეორეზეც გავიდეს და პირველზეც... ანდა, შესაძლოა, სერიოზული მარცხიც განიცადოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი.
რა ბრალდება გახარიას?
„ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში დარწმუნებით აცხადებდა, რომ გიორგი გახარიას პარტია მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ასეთი რიტორიკა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ცალმხრივად „ანულირებულად“ გამოაცხადა „შარლ მიშელის შეთანხმება“ და დაიწყო იმის მტკიცება, რომ 43%-იან ზღვართან დაკავშირებული დათქმა წარსულს ჩაბარდა.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი: მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ გახარიას პარტიამ თავისი ფუნქცია ამოწურაიგივე გაიმეორა ირაკლი კობახიძემ 30 აგვისტოს, „პალიტრას“ ეთერში და იქვე დაამატა, რომ გახარიას პარტიის რეიტინგი შემცირდა მის შესახებ საზოგადოებისთვის „სიმართლის მიწოდების“ შემდეგ.
მაგრამ, ასევე კობახიძის თქმით, „ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია თითოეული პროცენტი და ამიტომ „საზოგადოებისთვის სიმართლის თქმის გაგრძელებაა საჭირო“.
რა იგულისხმება სიმართლეში?
ასევე ნახეთ გახარიას "გაქანება" და "ოცნების" "თავის ტკივილი"„ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერებმა გახარია ღალატში ჯერ კიდევ ივნისში დაადანაშაულეს. ბრალდება მოიცავდა „სახელმწიფო გადატრიალების“ სცენარის თანამონაწილეობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად.
1 სექტემბერს კი, როცა გახარიამ საკუთარი კანდიდატურა დედაქალაქის მერის პოსტზე წამოაყენა, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე, გახარია ვაჭრობას ცდილობდა და მზად იყო - ფულის სანაცვლოდ, გადაწყვეტილებაზე უარიც ეთქვა.
- ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ფინანსური გარიგების შეთავაზებაზე მინიშნებები იყო „შუამავლის მეშვეობით“;
- მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „გარკვეული მინიშნებები“ კახი კალაძესთან გახარიას შეხვედრის დროს იყო.
ყველას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გახარიამ კალაძესთან შეხვედრის ფაქტი თავიდან უარყო. თუმცა მისმა თანაგუნდელებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ გახარიამ არა შეხვედრის ფაქტი, არამედ ფულის მოთხოვნის ბინძური ცილისწამება უარყო.
მათთვის „ღირსეული“ ნაბიჯია, რომ პარტიის ლიდერმა ყოფილ თანაგუნდელთან შეხვედრა და კონკურენტობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისთვის პირადად მიწოდება გადაწყვიტა.
ასევე ნახეთ კახა კალაძე ადასტურებს გიორგი გახარიასთან შეხვედრასთავად კალაძეს ფინანსური გარიგების შეთავაზება არ უხსენებია. „თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა. არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან“, - ასეთია მისი ვერსია.
რატომ ჩათვალა საჭიროდ ამ ნაბიჯის გადადგმა გიორგი გახარიამ?
რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ერთ-ერთი ვერსიით, გახარია კალაძეს იმ მადლობას უფასებს, რომელიც მას თბილისის მერმა თებერვალში, პოსტიდან ხმაურიანი წასვლის შემდეგ გადაუხადა.
„მინდა, გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას“, – თქვა მაშინ დედაქალაქის მერმა.
დავით ზურაბიშვილი გახარიას დამოუკიდებელ მოთამაშედ და „ქართული ოცნების“ უპირველეს თავის ტკივილად განიხილავს.
მისი შეფასებით, ექსპრემიერს შეუძლია „სერიოზულად შეარყიოს“ ორპოლუსიანობის ნაცადი ტაქტიკა, რომელსაც „ოცნება“ „ლეგიტიმაციისა და ხელისუფლებაში დარჩენის მთავარ წყაროდ“ განიხილავს.
ასევე ნახეთ IRI-ის კვლევა: "ქართული ოცნება" - 26%; "ნაციონალური მოძრაობა" - 14%; გახარიას პარტია - 9%როდესაც გახარიას პარტიის რეიტინგის შემცირებაზე ლაპარაკობს, „ქართული ოცნება“ ძირითადად ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა.
31 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა და პარტიის ლიდერებიც აქტიურად აზიარებდნენ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის პირველ სამეულშიც, წინა კვლევასთან შედარებით - „ოცნებას“ მომატებული (47.2%), ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასა“ (26.8%) და გახარიას პარტიას (6.9%) შემცირებული მაჩვენებლები აქვთ.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სხვა არაერთი კვლევის შედეგებით, გახარიას პარტიის რეიტინგი 9-10%-ის ფარგლებშია.