კახეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 26 აგვისტოს სტიქიამ ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა, დაუგეგმავი რთველი დაიწყო. ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს კრეფენ და სახელმწიფო კომპანიას აბარებენ. სახელმწიფო 1 კილოგრამ დასეტყვილ თეთრ ყურძენში 80 თეთრს იხდის, ხოლო საფერავში 1 ლარს. მთავრობა ერთ ჰექტარ ვენახში 3000 ლარს გადაუხდის მევენახეს, რომელსაც ყურძენი სრულად გაუნადგურდა.
ასევე ნახეთ კახეთში რამდენიმე სოფელში ვენახი დაისეტყვადღეს დილიდან, ყვარელში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და თელავში რთველი კახეთისთვის დამახასიათებელი ჩვეული მოლხენის გარეშე მიმდინარეობს, რადგან ეს რთველი დაუგეგმავია, რაც სეტყვამ გამოიწვია. სტიქიით დაზარალებულები სეტყვას გადარჩენილ ყურძენს კრეფენ. დაზიანებულ მოსავალს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ სამ ქალაქში იბარებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, „რთველი“ პირობითად ითქმის, რადგან ყურძნის მხოლოდ მიზერული ნაწილია გადარჩენილი.
„თითქმის მთლიანად განადგურებულია ვენახები, 95 პროცენტით არის დასეტყვილი. დღეს ვკრეფთ იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ რომ დარჩეს, სულ გაფუჭდება და ქარხანა აღარ ჩაიბარებს“, - ამბობს მევენახე ნინო შიუკაშვილი სოფელ აკურიდან.
Your browser doesn’t support HTML5
დაუგეგმავი რთველი აქვს გელა ქევხიშვილსაც. ერთ ჰექტარსა და 600 მეასედ მიწის ნაკვეთში გაშენებული რქაწითლის ჯიშის ყურძენი მასაც 95 პროცენტით გაუნადგურდა. „ვცდილობთ, ის ხუთი პროცენტი მაინც გადავარჩინოთ, რაც დარჩა. მალე უნდა დავკრიფოთ და ჩავაბაროთ“.
რთვლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კახეთის 30-მდე სოფელში დაახლოებით 5000 ათას ჰექტარ ფართობზე ყურძნის, ხეხილისა და ერთწლიანი კულტურების დიდი ნაწილი სრულად განადგურდა. ასეთი შედეგი მოჰყვა 26 აგვისტოს, საღამოს მოსულ სეტყვას და ძლიერ ქარს. ფერმერთა დიდ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
დღეს კახეთის რეგიონში იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ის დაზარალებულებს ჰპირდება კომპენსაციას და ამბობს, რომ დაზიანებული ყურძენი ჩაუბარებელი არავის დარჩება.
„სახელმწიფო ქარხანა გახსნილია რამდენიმე ადგილზე. ერთ კილოგრამ დაზიანებულ რქაწითელში ვიხდით 0.80 თეთრს, საფერავში 1 ლარს. ასევე იმ ნაკვეთებში, რომელიც სრულად არის განადგურებული და დაზიანებული მოსავლის მიღებაც კი შეუძლებელია, ჩვენ 1 ჰექტარზე 3000 ლარის ოდენობით ვაკეთებთ კომპენსირებას. ეს იქნება ერთჯერადი დახმარება იმისთვის, რომ მათ აღადგინონ ვენახები და კვლავ წარმოება დაიწყონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, გარკვეულ დახმარებას მიღებენ ის ფერმერებიც, ვისაც ხილის ბაღები გაუნადგურდა.
„სრული დაფინანსება იქნება ნერგების, თანადაფინანსება სარწყავი სისტემის. ვფიქრობთ, რომ ეს არის მაქსიმალური, ადეკვატური პასუხი ფერმერების საჭიროებებზე სტიქიიდან გამომდინარე“.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ოჯახი მიიღებს ჰექტარზე 3000-ლარიან კომპენსაციას. ასევე ის, თუ როდის დაიწყებს სახელმწიფო თანხის გადახდას. ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, ახალ კვირაში გახდება ცნობილი.
ნიშანდობლივია, რომ კახეთში სტიქიას მხოლოდ მოსავალი არ გაუნადგურებია. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი ყვარელში, ნაწილი კი დაზიანებულია. დაეხმარებიან თუ არა ასეთ ოჯახებს, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.