საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ საგანგებო მდგომარეობის საფუძვლით გადაიდოს არჩევნები, „ნაციონალების“ გეგმის ნაწილია, ხელისუფლება ამ მარტივ პროვოკაციას არ წამოეგება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
„გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ე.წ. ოპონენტებმა და ოპოზიციამ, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ქალბატონი ნინო ლომჯარია დღეს გამოვიდა ინიციატივით, მივმართავ პრემიერს, იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას, - ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი სიტყვებით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების მრავალი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ და არავის გადაუდია არჩევნები პანდემიის გამო.
„ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ, აშშ-ის, ევროპის ქვეყნების, აზიის, ყველგან. კოვიდპანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ვაქცინა, არავის მოსვლია აზრად არჩევნების გადადება. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, ეს სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ სტაბილურად ჩვენს გეგმას, ჩვენს დღის წესრიგს, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ არჩევნები პანდემიისას: ვინ როგორ ჩაატარა, ვინ გადადო და რა გზა აირჩია საქართველომ?„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციას არ სურს არჩევნების გადადება, ეპიდემიოლოგებმა უნდა გასცენ რეკომენდაცია არჩევნებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
ასევე ნახეთ ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციას არჩევნების გადადების სურვილი არ აქვსჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდსიტუაციის კონტროლი შესაძლებელია არჩევნების ფონზე, თუმცა რისკს ქმნის უკონტროლო აქციები და მობილობა. მისი თქმით, სწორედ ეს აღმოჩნდა გასული წლის ოქტომბრის შემდგომ ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი.
ასევე ნახეთ თამარ გაბუნიას თქმით, წინა არჩევნების შემთხვევაში ქუჩის აქციები იყო მთავარი ბუსტერისახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის.
ომბუდსმენმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ინფიცირებულთა რა რაოდენობით ზრდას ელოდებიან არჩევნების შედეგად და არის თუ არა ამისთვის მზად ჯანდაცვის სექტორი და „ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას“.
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებამდე საქართველოში კორონავირსის დღიური მაჩვენებელი 1000-ზე მეტი იყო, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ეს რიცხვი 3 ათასს გადასცდა და დეკემბრის დასაწყისში მიაღწია პიკს - 5 ათასს.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან, კოვიდინფექციამ 1129 ადამიანი იმსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 747 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5021 შემთხვევა.
გასული დღის განმავლობაში, 24 აგვისტოს აიცრა 28 196 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 038 292 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.2%), ხოლო სრულად, 318 912 (მოზრდილი მოსახლეობის 11.2%).