სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის. ნინო ლომჯარიამ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა მედიის საპასუხოდ.
„ვფიქრობ, არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი, ეს არ არის წმინდად პოლიტიკური საკითხი, უფრო მეტად ეს არის ეპიდემიოლოგიური საკითხი და ადამიანის უფლებების საკითხი. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია იმდენად, რომ მათ არათუ კოვიდპაციენტების მიღება, არამედ გადაუდებელი დახმარების გაწევაც უჭირთ და უგვიანდებათ“, - ამბობს ნინო ლომჯარია.
მისი სიტყვებით, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეპიდემიოლოგების აღიარებითაც, გაიზარდა კოვიდპაციენტების მაჩვენებელი და, ზოგადად, არჩევნები არის ინფიცირებულთა ზრდის განმაპირობებელი.
„როდესაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი არის იმდენად გადატვირთული, რომ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტლებზე, რომ სტუდენტები ჩავრთოთ ჯანდაცვის მომსახურების სფეროში, ვინაიდან ადამიანური რესურსის ნაკლებობა გვაქვს, ჩნება კითხვა, თუკი ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს 1 თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების და ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე?“, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ამიტომაც მისი მიმართვის ადრესატი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს.
„მას აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი თავის მხრივ არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, - განმარტა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ინფიცირებულთა რა რაოდენობით ზრდას ელოდებიან არჩევნების შედეგად და არის თუ არა ამისთვის მზად ჯანდაცვის სექტორი და „ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას“.
„თუკი შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი მოქალაქის გარდაცვალება, მაშინ რატომ არ ვდგამთ დღეს ამ ნაბიჯს? ვფიქრობ, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსის უპირველესი ვალდებულებაა ფიქრობდეს ამაზე და პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებ, ეპიდემიოლოგებთან ერთად დაიწყონ ამ საკითხზე მსჯელობა და შეაფასონ ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე სიტყვებით, წელს საქართველოში ეპიდსიტუაციით გამოწვეული მაჩვენებლები შარშანდელი არჩევნების შემდგომ პერიოდში, დღეს არსებულთან შედარებითაც კი უფრო მაღალია და „რის იმედად ატარებს ხელისუფლება ამ არჩევნებს, გაუგებარია“.
სახალხო დამცველის თქმით, მას შარშან საპარლამენტო არჩევნების წინაც ჰქონდა კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან და მაშინ ფიქრობდა, რომ „ეს ამ ადამიანების კომპეტენცია იყო, ეთქვათ, რამდენად დამძიმდებოდა არჩევნების შემდგომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, ვინაიდან მას, როგორც სახალხო დამცველს, ამის გამოცდილება არ ჰქონდა. წელს უკვე, შარშანდელი გამოცდილებით, საჭიროდ ჩათვალა მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად განცხადება გაეკეთებინა, თუმცა, ამბობს, რომ მთავარი სიტყვა ისევ ეპიდემიოლოგებმა უნდა თქვან.
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებამდე საქართველოში კორონავირსის დღიური მაჩვენებელი 1000-ზე მეტი იყო, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ეს რიცხვი 3 ათასს გადასცდა და დეკემბრის დასაწყისში მიაღწია პიკს - 5 ათასს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადების მხოლოდ ერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და „როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია“.
ასევე ნახეთ კობახიძის განცხადებით, არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს2 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მანამდე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
„პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს, მაგრამ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონი ნინო შეიძლება მობრძანდეს საკოორდინაციო საბჭოზე და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები“, - თქვა „TV პირველის“ ეთერში გამყრელიძემ.
ასევე ნახეთ გამყრელიძე არჩევნების გადადების საკითხზე ლომჯარიას განცხადებას ეხმაურებანინო ლომჯარიამ „ფეისბუკის" გვერდზე დაწერა იმ პოლიტიკოსთა განცხადებების შესახებ, რომლებიც არჩევნების გადადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავენ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან, კოვიდინფექციამ 1129 ადამიანი იმსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 747 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5021 შემთხვევა.
გასული დღის განმავლობაში, 24 აგვისტოს აიცრა 28 196 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 038 292 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 25.2%), ხოლო სრულად, 318 912 (მოზრდილი მოსახლეობის 11.2%).