სად მთავრდება რელიგია და სად იწყება მედიცინა. ცრურწმენა, რომლის გამოც ბევრი კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ვერ ბედავს... ამ თემასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზს ალექსანდრე გალდავას ესაუბრა.
- დღითი დღე იზრდება კოვიდინფიცირებულების რიცხვი, საზოგადოებაშიც სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ახლა მაინც რატომ არ მოუწოდებს ეკლესია, როგორც საკმაოდ გავლენიანი ინსტიტუცია, ხალხს აცრისკენ?
- ეკლესიამ სინოდარული გადაწყვეტილებით მკაფიოდ დააფიქსირა, რომ კოვიდი და ვაქცინაცია არ არის რელიგიური თემა და ამით დაასრულა საუბარი. მოძღვარი, რომელიც ამ თემით სპეკულირებს და რელიგიური მოტივაციით აცრის წინააღმდეგ გამოდის, სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდის, რაც ძალიან ცუდია. ხალხმა ამას არ უნდა მოუსმინოს.
ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ საქართველოში ხომ არ არის? მთელ მსოფლიოში მაღალი იერარქები ვაქცინას განიხილავენ როგორც სიკეთეს. მაგალითად, ელადის (საბერძნეთის) ეკლესიის მეთაურმა ვაქცინა ღვთის საჩუქარს შეადარა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი და სინოდის წევრები ყველანი აიცრნენ.
ჩვენ პირდაპირ აცრისკენ არ მოვუწოდებთ, რადგან ეს ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ყოველთვის მივუთითებ საღი აზრისკენ, იმისკენ, რომ ქრისტიანობა სიფხიზლე და განსჯის უნარია. მთელი მსოფლიოს სამედიცინო სფერო თანხმდება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მოძღვარმა ხალხს უნდა მოუხსნას ფსევდორელიგიური თუ ფსევდომედიცინური ილუზიები. ნდობა მორწმუნის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მაცხოვარი თავისი დაბადებით ადამიანებს ენდო. ის სრულიად მოწყვლადი ჩვილი იყო და ადამიანებს მისცა საშუალება, აღეზარდათ. ღმერთი ადამიანს ენდობა და ჩვენც უნდა ვენდოთ ერთმანეთს. მით უმეტეს, უნდა ვენდოთ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში კომპეტენტურები არიან. ეს წამალი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ დღეს საუკეთესო ვარიანტია, ამას ციფრები, სტატისტიკა ადასტურებს.
ზღაპრებს, ბოდვებს, ფანტაზიებს უნდა მოვეშვათ და რეალურ საფრთხეს ჩავხედოთ თვალებში.
- ერთგვარ რელიგიურ დილეტანტიზმად მიიჩნევა, როცა მორწმუნე, თუნდაც რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ყველაფერს მოძღვარს ეკითხება. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მსგავს არარელიგიურ საკითხებზეც კი საზოგადოებას ვიღაცისგან „ხელდასხმა“ სჭირდება?
- ეს არის საზოგადოების უმწიფრობა, გადაწყვეტილების მიღების შიში. მაცხოვარი გვასწავლის, რომ შენ უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა გადადგა ნაბიჯი და ასეთ დროს შეცდომებიც დასაშვებია. მაცხოვარი გაუწყრა იმ ადამიანს, რომელსაც შეცდომის შეეშინდა და გამრავლების ნაცვლად ტალანტი უბრალოდ შეინახა. ზრდასრული ადამიანი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს ნიშნავს. ის ამ პასუხისმგებლობას მოძღვარს, დედას ან მამას კი არ გადააბარებს, არამედ თვითონ აიღებს საკუთარ თავზე.
- საიდან მოდის ის მითები, რომლებიც ვაქცინასთან დაკავშირებით ვრცელდება, ხშირად სასულიერო პირების მხრიდანაც?
- რელიგიური ფოლკლორი მხოლოდ საქართველოს ეკლესიის პრობლემა არ არის. საერო საზოგადოებაშიც რამხელა ანტივაქსერული მოძრაობებია სრულიად არარელიგიურ ნიადაგზე?! ეს ზოგადად ადამიანის ფობიაა. ამასთან, რელიგიური ადამიანი კიდევ სხვა თვალით უყურებს მოვლენებს, მეორედ მოსვლა ხომ არ არის, ანტიქრისტეს ბეჭედი ხომ არ დამედებაო, ფიქრობს. მეორედ მოსვლის შიში ყოველთვის იყო და იქნება. ვერც ერთ ეკლესიას ვერ დაასახელებთ მსოფლიოში, ეს არ ახასიათებდეს. აგერ, ორი საუკუნის წინ გერმანელები საქართველოში ჩამოსახლდნენ, ეგონათ, მეორედ მოსვლა იქნებოდა და იერუსალიმთან ახლოს უნდოდათ ცხოვრება. ანუ გერმანიაშიც კი, სადაც რაციო მძლავრობს, მეორედ მოსვლის ფობიები ბობოქრობდა.
თუ მოძღვარმა წმინდა წერილის განმარტებები ცუდად იცის, ეკლესიის ისტორია ცუდად იცის, ის ნახევრად მოგონილ ამბებს გადასცემს მრევლს და ხალხში ცრუმორწმუნეობა იზრდება. ფეისბუკზე ხანდახან ისეთ სისულელეებს წერენ ხოლმე: „დაწერე „ამინ“ და გააზიარე მამა გაბრიელის ფოტო, რომ ყველა სურვილი შეგისრულდეს“. ქრისტიანობა თურმე მამა გაბრიელის ფოტოს გაზიარება ყოფილა. ეს განათლების ნაკლებობის ბრალია.
- ომები, სტიქიური უბედურებები ბევრს მართლაც აფიქრებინებს, რომ აპოკალიფსურ ხანაში ვცხოვრობთ. მაგრამ თუნდაც თეოლოგიური თვალსაზრისით, აპოკალიფსის ნიშნებად მხოლოდ ომი და კატასტროფები მიიჩნევა?
- ვისაც სწამს ქრისტე, მას სწამს ისიც, რომ ის მეორედ მოვა და ეს გამოცხადების წიგნში წერია. მაგრამ თვითონ გამოცხადების წიგნი წმინდა წერილში მოგვიანებით შევიდა. ის იმდენად რთული განსამარტი იყო, რომ პირველად წიგნებში არ მოიხსენიებდნენ. ეს არის ძალიან სათუთი წიგნი. ნიშნები, რომელიც გამოცხადების წიგნში არის აღწერილი, ყველა საუკუნეს შეიძლება მიესადაგოს, განსაკუთრებით საბჭოთა ეპოქას, როდესაც პირველად მსოფლიოში ათეისტური სახელმწიფო შეიქმნა და ეკლესიების დარბევა დაიწყეს. რაც კი ნიშანია გამოცხადებაში, 1918-1920 წლებში ყველაფერი იყო, თავისი მავზოლეუმით და დაუმარხავი ლენინით. მაშინაც ყველას ეგონა, რომ აპოკალიფსი დადგა. ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე და ალბათ, მეც ძალიან დავეჭვდებოდი. მაგრამ აპოკალიფსს თავისი მკაფიო ნიშნები აქვს, რომელიც უნდა მოხდეს. არ ხდება და რა გავაკეთოთ?! არავინ იცის, ის როდის იქნება, ვისაც კი წაუცდა ხელი და დაიწყო ამ დროის გამოთვლა (მათ შორის, წმინდანებიც), ყველა შეცდა!
ასევე ნახეთ ეპისკოპოსი საბა: არ გავხდეთ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილიYour browser doesn’t support HTML5