ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიმართვას აქვეყნებს. ის განსაკუთრებით ულოცავს COVID - 19-ით ინფიცირებულებს და სასულიერო პირებს კურთხევას აძლევს საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადონ.
„ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ.
ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები", - ვკითხულობთ პატრიარქის მიმართვაში.
როგორც ილია მეორე აღნიშნავს, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება. „არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!" - ამ სიტყვებით მთავრდება პატრიარქის მიმართვა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი საპატრიარქოს მოუწოდებს მრევლს ვაქცინაციის კურთხევა მისცეს10 აგვისტოს საპატრიარქომ უარყო ილია მეორის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
ასევე ნახეთ ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვისგასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. 1 აგვისტოდან ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილია 700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 56 878 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5914 შემთხვევა.