საქართველოს მოქალაქეები ავღანეთის დატოვებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ

ქაბულის აეროპორტი. 2021 წლის 16 აგვისტო

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ავღანეთი უკრაინული თვითმფრინავით უნდა დაეტოვებინათ, ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის მხოლოდ 15 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. მათ, ხვთისიაშვილის თქმით, 15 აგვისტოს დილით ითხოვეს დახმარება და ორი საათისთვის მოხერხდა პარტნიორებთან შეთანხმებით რეისის უზრუნველყოფა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს სთხოვეს ქაბულის აეროპორტში მისვლა, რაც მათ ვერ მოახერხეს დაძაბული სიტუაციის გამო და ბაზაზე დარჩენა ამჯობინეს. შესაბამისად, უკრაინული თვითმფრინავი ქაბულიდან მათ გარეშე გაფრინდა.

ასევე ნახეთ უკრაინელი მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის ქართველები არ არიან

ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ 15 აგვისტოს საღამოდან 16 აგვისტოს დილამდე ესარგებლათ პარტნიორებთან შეთანხმებული, სულ 4 რეისით, თუმცა, ვერცერთს ვერ მიასწრეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან კერძო კონტრაქტორები, როგორც თავად ამბობენ, ყოფილი სამხედროები, და 17 მათგანი დასაქმებული იყო კანადურ კომპანიაში, 6 კი - ამერიკულში.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტიდან 2 კილომეტრში იმყოფებიან და ქართულ მხარეს თურქულმა მხარემ დაუდასტურა მზადყოფნა, რომ მათ აეროპორტში ჯავშნიანი ავტომანქანებით მიიყვანენ.

ხვთისიაშვილის თანახმად, პარტნიორი ქვეყნებიდან აქვთ დასტური, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები აეროპორტამდე მისვლას შეძლებენ, მათ ავღანეთიდან გაყვანას უზრუნველყოფენ. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მოქალაქეთა წამოსაყვანად ქაბულში თვითმფრინავი გაგზავნოს და ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს „ავღანეთის მთავრობასთან“. ჟურნალისტების შეკითხვას, რომელ მთავრობასთან, მინისტრის მოადგილემ უპასუხა: „ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ეხლა უნდა ვიპოვოთ ხალხი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ ყველაფერზე. გვეხმარებიან ასევე, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ამერიკელები“.

ავღანეთს უცხოელები და ადგილობრივი მცხოვრებნი მასობრივად ტოვებენ ხელისუფლებაში ექსტრემისტული დაჯგუფება „თალიბანის“ დაბრუნების გამო.

ცნობისთვის, საქართველომ საკუთარი თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთიდან გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა, მას შემდეგ, რაც ნატოს კოალიციურმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ "მტკიცე მხარდაჭერის მისია" აღარ გაგრძელდება.

ასევე ნახეთ ავღანეთი საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა 

„თალიბანმა“, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

"თალიბანმა" ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.