მოსახლეობის 21% ამბობს, რომ პანდემიისას სამსახური დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა - NDI

NDI-ს მიერ ჩატარებული საზაგოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ პრობლემებად რჩება.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 68% ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს.

მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს (8 %) ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ (13 %). მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია.

მოსახლეობის უმეტესობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა.

ასევე ნახეთ საქსტატი: უმუშევრობის დონე 18.5 პროცენტამდე გაიზარდა 2020 წელს

მოქალაქეების 42 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

ასევე ნახეთ NDI: მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის

NDI-ის გამოკვლევის შესახებ:

  • ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია.
  • საველე სამუშაოების პერიოდი: 13-25 ივლისი, 2021; 2,016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით; ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გაითვალისწინეთ: ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს