მღერიან და ხუმრობენ ესტრადის ვარსკვლავები - ზეიმი პანდემიის დროს

კონცერტი შეკვეთილში, მუსიკოსების ბაღში - 7 აგვისტო, 2021 წელი

კულტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები ათასობით ლარს ხარჯავენ პანდემიის დროს კონცერტებში. იმის მიუხედავად, რომ დაგეგმილი ან ჩატარებული ღონისძიებების ნაწილი ღია სივრცეში იმართება, ხალხმრავალი შეკრებები მაინც ეპიდემიის გავრცელების კერაა. 

მსჯელობის საგანია ამ კონცერტებში დახარჯული ფული და თავად ღონისძიებების შინაარსიც.

გასული სამი თვის განმავლობაში 100 000 ლარამდე თანხა მიიღო ბიუჯეტიდან გია ბაღაშვილმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამართული „იუმორინასთვის”. ამ ზაფხულს „იუმორინა“ 5 ქალაქში - თეთრიწყაროში, წალკაში, გარდაბანში, რუსთავსა და ქუთაისში ჩატარდა.

ზოგან სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს ბავშვებს, ზოგან ახალი პარკი გახსნეს, ზოგან პანდემიით შეწუხებულ მოსახლეობას „საყვარელ შემსრულებლებთან” შეხვედრის „სიხარული აჩუქეს”.

„იუმორინას“ ერთი წარმოდგენა დაახლოებით 1 საათსა და 40 წუთს გრძელდება და 15 000 ლარი ჯდება. მსახიობების ანაზღაურება ერთი კონცერტისთვის 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე მერყეობს.

„იუმორინას” საგასტროლო ქალაქებს ხან მსახიობები არჩევენ, ხან თავად მუნიციპალიტეტები ითხოვენ კონცერტის მათთან გამართვას.

„იუმორინას“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, გია ბაღაშვილს სხვა პროგრამაც აქვს. მისი შეფასებით, წარმოდგენა „საქართველო - ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“ შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელიც უკვე ჩატარდა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, იგეგმება ბათუმშიც. ეს პროგრამა დაახლოებით 5 000 ლარი ღირს და ამ ფულსაც მუნიციპალიტეტები იხდიან.

„იუმორინას“ გარდა მუნიციპალიტეტებმა ბიუჯეტიდან ჰონორარი გამოყვეს „იმედის” შოუს ავტორის, გიორგი გაბუნიას კონცერტებისთვისაც. ზუგდიდმა და ბორჯომმა 19 000-19 000 ლარი გადაიხადეს იუმორისტულ წარმოდგენებში. ზუგდიდში უფასო კონცერტი „ღამის შოუს ბენდმა” 5 აგვისტოს გამართა, 13 აგვისტოს მსახიობებს ბორჯომში ელოდებიან. ბენდს კონცერტი უნდა გაემართა ქუთაისშიც, თუმცა ქალაქის მთავრობამ ამ მომსახურებისთვის გამოცხადებული შესყიდვა უკან გაიხმო და 18 აგვისტოსთვის დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

„ხვალ საკრებულოს სხდომა ონლაინ ჩანიშნეს პანდემიის გამო და დღეს დიდ კონცერტს ატარებენ ქალაქში…” - წერდა კონცერტის დღეს ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან” ბათლომე შელია ფეისბუკზე. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც თვლიდა, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მუნიციპალიტეტი ხალხმრავალ კონცერტს არ უნდა მართავდეს. ზუგდიდის მერიას კი თავისი არგუმენტი ჰქონდა: „აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნიდა სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის”.

„ღამის შოუს ბენდმა“ უფასო კონცერტი 7 აგვისტოსაც გამართა შეკვეთილში, მუსიკოსების ბაღში - მიუხედავად იმისა, რომ კონცერტზე დასასწრებად პირბადე აუცილებელი პირობა იყო, კონცერტის კადრებში ჩანს სცენასთან მჭიდროდ მდგომი ხალხი ნიკაპზე ჩამოწეული პირბადით ან სულაც დაუცველი სახით.

აჭარა, თბილისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. მხოლოდ აგვისტოს პირველ 11 დღეში კი საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით 407 ადამიანი გარდაიცვალა.

საკონცერტო ტურნეს მართავს საქართველოს რეგიონებში რუსთაველის თეატრის მსახიობი, იუმორისტი პაატა გულიაშვილიც. მისი წარმოდგენები ადგილობრივ თვითმმართველობებს 2 000-დან 5 000 ლარამდე უჯდება.

კონცერტების ორგანიზებაში მუნიციპალიტეტები მარტო არ არიან: კულტურის სამინისტრომ კონკურსი ჩაატარა და ის სახელოვნებო კოლექტივები იპოვა, რომლებიც პანდემიამ მოწყვლად ჯგუფებად აქცია. სამინისტროს ორი ამოცანა ჰქონდა - ერთი მხრივ, ასეთი არტისტებისთვის შემოსავლის წყარო მიეცა, მეორე მხრივ კი, რეგიონის მოსახლეობისთვის „კულტურაზე” ხელმისაწვდომობა გაეზარდა.

ამ კონკურსების ერთ-ერთი გამარჯვებული “ორი ჯუჯას” წარმოდგენებია, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში იმართება. კულტურის სამინისტრომ ასევე დააფინანსა „ქუჩის ბიჭების” კონცერტები, მურმან ჯინორიას საღამოები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა არაერთი ღონისძიება. ორგანიზატორების გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხმრავალ ღონისძიებებზე დისტანციის დაცვა, პირბადით დასწრება და სხვა რეკომენდაციები ირღვევა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აგვისტოში „ერისიონის” არაერთი კონცერტია დაგეგმილი, 7 და 10 აგვისტოს კი კორონავირუსით გარდაცვლილი თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც ასობით მაყურებელი ჰყავდა.

ასევე ნახეთ თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნას ხალხმრავალი ღონისძიება ეძღვნება, ის კოვიდით გარდაიცვალა

30 აგვისტომდე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონებში კონცერტებს მართავს ფოლკლორის ეროვნული ცენტრიც.

ფოლკლორის ცენტრის ფესტივალში „ხალხური საღამოები“, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავს, 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს.

კულტურის სამინისტროს გარდა, ხალმრავალ და ძვირადღირებულ ზეიმს გეგმავს თავდაცვის სამინისტრო 12 აგვისტოს - „დიდგორობა” კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებით აღინიშნება, აქვე დააჯილდოებენ შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებსაც. ამ „სახალხო დღესასწაულის” ვიდეოგადაღებისთვის სამინისტრო ბიუჯეტიდან 188 253 ლარს ითხოვს.

ასევე ნახეთ დიდგორობა ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა აღმაშენებელზე მარშით აღნიშნეს

თავშეყრის საბაბი და კულტურისთვის ხელშეწყობის სახელით საბიუჯეტო თანხების ხარჯვის წყაროა ვარსკვლავების გახსნის ცერემონიებიც. უახლოეს პერიოდში ამბროლაურის მერია გეგმავს ანსამბლ „იავნანას” ვარსკვლავის გახსნას. საზოგადოებრივი მაუწყებელიც აპირებს თავისი ყოფილი წამყვანებისთვის 3 ვარსკვლავის გახსნას თბილისში.

თითო ვარსკვლავი ბიუჯეტს 3 500 ლარი უჯდება, ამ სერვისის ექსკლუზიური მიმწოდებელი კი დავით ოქიტაშვილია, კულტურის პალატის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია 5 სექტემბერს გონიოში მომღერალ ნანი ბრეგვაძის იუბილეს მართავს, რომლის გადადება ან გაუქმებაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად არ განიხილება. ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო 21 ივლისს უკვე გაიმართა წინანდლის მამულში.

საქართველოში ივლისსა და აგვისტოში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსის თანხმლები გართულებებით. ქვეყანა მთელ მსოფლიოში პირველ ხუთეულშია ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 11 აგვისტოს თქვა, რომ მომდევნო დღეებში მოსალოდნელია მეტი გარდაცვალება, პიკურ მაჩვენებელს კი ქვეყანა 20 აგვისტოსთვის მიაღწევს.

6 აგვისტოს, საქართველოს ექიმთა საზოგადოებამ 720 ექიმის მიმართვა გაავრცელა. ყველა მათგანი რეგულაციების გამკაცრებას ითხოვდა, იქვე ნათქვამი იყო, რომ მედპესონალი შესაძლებლობების ზღვარზეა და აუცილებელია გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები.

ასევე ნახეთ საქართველო "იტალიის სცენარის" ზღვარზეა?

ფეისბუკზე, პრემიერ-მინისტრისა და კულტურის მინისტრის კოვიდრეგულაციების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების პასუხად, დიზაინერმა ლევან ოჩხიკიძემ ორივე მათგანი „ქართული ოცნების” დროშისა და გარდაცვლილების კუბოების ფონზე გამოსახა. ირაკლი ღარიბაშვილმა ივლისის ბოლოს ინფიცირების შემთხვევების ზრდა საპროტესტო აქციებს დაუკავშირა.