ბათუმის მთავარი კოვიდკლინიკა ქალაქის რესპუბლიკური საავადმყოფოა, სადაც 212 საწოლი, მათ შორის 45 რეანიმაციულ განყოფილებაში, 11 აგვისტოს დღის მეორე ნახევრისთვის დაკავებული იყო. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თერაპიულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მალევე მძიმდება და სულ უფრო იმატებს რეანიმაციული მკურნალობის აუცილებლობა:
„რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი არ გაგვაჩნია. თერაპიული განყოფილებიდან პაციენტები როგორც კი ეწერებიან, მათი ადგილების დაკავება ძალიან მალე ხდება. ძალიან რთული ვითარებაა, როცა ექიმი პაციენტს ვერ იღებს. არ გვაქვს კლინიკაში საშუალება. გვირეკავენ, გვთხოვენ ადგილებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იძულებულები ვართ, უარი ვუთხრათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადგილი არაა. ეს უმეტესად ეხება რეანიმაციულ განყოფილებას, სადაც პაციენტების რაოდენობა ძალიან ბევრია“.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე შექმნილ სიტუაციას კრიტიკულს უწოდებს. ამბობს, რომ ბათუმში გაჩნდა ქორწილების, დაბადების დღეებისა და სხვა ხალხმრავალი წვეულებების კლასტერი. რეგიონის ჯანდაცვის სისტემა კი დატვირთვას ვეღარ უძლებს. გიორგი კიკაბიძემ ისიც გვითხრა, რომ გახშირდა მედპერსონალის დაინფიცირებაც და კლინიკის პაციენტებს შორის მისი თანამშრომლებიც არიან.
„რესპუბლიკურის გარდა, რამდენიმე კლინიკაა, რომელიც კოვიდპაციენტების მიღებას უზრუნველყოფს, მაგრამ უსასრულო არაფერია“, - გვეუბნება გიორგი კიკაბიძე.
ექიმი მოქალაქეებს ვაქცინაციისა და წესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მართალია, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა აცრილ მოქალაქეებსაც სჭირდებათ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ თუ ვაქცინირებული დაინფიცირდა, სტაციონარში მკურნალობა აუცილებელი ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
ასევე ნახეთ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტები დერეფანში ეწვინათდღის პირველ ნახევარში კი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მედიას აცნობა, რომ კოვიდკლინიკებში 55 თავისუფალი ადგილი იყო, მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მისივე თქმით, კოვიდპაციენტებისთვის დღეს 45 საწოლი დაამატეს:
„მომდევნო დღეებში დაგეგმილია კიდევ ერთი კლინიკის ჩართვაც. საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი დამატებაც მოხდება. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამედიცინო რესურსებიც ამოწურვადია. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პასუხისმგებლობით მოეკიდოს“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კი განაცხადა, რომ რეგიონში კოვიდპაციენტებისთვის ადგილი აღარ არის და მოქმედი წესების დამრღვევებს „ხისტი ღონისძიებებით“ დაემუქრა:
„ვინაიდან თხოვნა აღარ ჭრის, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა აღსრულდება უმკაცრესად იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ადამიანები. გუშინ იყო რამდენიმე ქორწილი. მინდა ვთხოვო ამ დაწესებულებებს, მათ შორის ორგანიზატორებს, თუ ახლობლები უყვართ, ამ ვითარებაში ქორწილის გამართვა არის მათთვის პირდაპირი რისკის შექმნა. ყველამ გავიაზროთ და ექიმების შრომასაც გავუფრთხილდეთ, იმიტომ, რომ დღეს როგორც თერაპიული ადგილები, ასევე რეანიმაციული აღარ არის ბათუმში არსად და ვიმატებთ ახალ საავადმყოფოებს. ამიტომ, ნუ გვაიძულებენ, რომ ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ“.
ვიდრე ხელისუფლება „ხისტ ღონისძიებებზე“ ლაპარაკს დაიწყებდა, ბათუმში მრავლად იმართებოდა მოქმედი წესებით აკრძალული ქორწილები და სხვა ღონისძიებები. სარიტუალო დარბაზებში წვეულებების მსურველთა რიგები იდგა. დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ აღსრულება და მკაცრი კონტროლი? ამ შეკითხვას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძე, ასე უპასუხა: „მთავარია განხორციელდეს, დაგვიანებული არასდროს არ არის“.
ჟურნალისტების შეკითხვას, მანამდე რატომ არ რეაგირებდა ხელისუფლება ხალხმრავალ ქორწილებზე, მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ პირბადის გარეშე ყოფნისთვის მოქალაქეებს ქუჩაში აჯარიმებდნენ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავებაზე, ნიჟარაძემ უპასუხა, რომ ეს ვერ იქნება მხოლოდ ერთი მხარის პასუხისმგებლობა:
„იცით, ამ დროს პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრადაა გადასანაწილებელი. თითოეულ მოქალაქეზე, ქორწილის ორგანიზატორზე, სტუმარზეც, ყველაზე... და მათ შორის კონტროლის ადმინისტრირებაზე“.
შრომის ინსპექციამ კონტროლის გამკაცრების შესახებ მხოლოდ 10 აგვისტოს გამოაცხადა. 11 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში ქორწილის გამართვისთვის დაჯარიმდა 5 იურიდიული პირი (ჯარიმა 10 000 ლარი) და 3 ფიზიკური პირი (2000 ლარი). აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებულია 2 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი.